
“8 მარტის შეთანხმების ორივე ნაწილი განხორციელდება, ჩვენ ამას ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას"
11/05/2020 14:49:41 საშინაო პოლიტიკა
"ახალი საქართველოს" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, "ქართული ოცნება" ვალდებულია, ორივე პირობა შეასრულოს, რომელსაც 8 მარტის შეთანხმება ითვალისწინებს.
"ნურავის ჰგონია, რომ პანდემიას გამოიყენებენ. შეთანხმების ორივე ნაწილი განხორციელდება. ჩვენ ამას ვაიძულებთ "ქართულ ოცნებას," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
8 მარტის შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ისევ ურთიერთბრალდებების საბაბია. მმართველი გუნდის განცხადებით, შეთანხმებაში პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია.
ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.