
კინზინგერი - 8 მარტის შეთანხმებაზე: "აუცილებელია, განხორციელდეს და ნაბიჯები წინ გადაიდგას"
11/05/2020 17:14:57 საგარეო პოლიტიკა
აშშ-ის კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე ადამ კინზინგერი ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების გარშემო განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ აუცილებელია, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები განხორცილედეს.
"მშვენიერი ნათქვამია. აუცილებელია, საბოლოოდ განხორციელდეს ეს შეთანხმება და ნაბიჯები წინ გადაიდგას", – წერს კონგრესმენი სოცილურ ქსელში და პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს.
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართვას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის განსაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას".
"8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს", – ნათქვამია პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.