
"ელჩებმა "ოცნებას" გაკვეთილი ჩაუტარეს. მწყინს, რომ ასეთი არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს"
11/05/2020 17:37:12 საშინაო პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გრიგოლ ვაშაძე ელჩების მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უცხოელმა პარტნიორებმა „ქართულ ოცნებას“ გაკვეთილი ჩაუტარეს.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ განაცხადა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა აუხსნეს მმართველ ძალას, რა მნიშვნელობა ჰქონდა 8 მარტის შეთანხმებას ქართული და საერთაშორისო საზოგადოებისთვის:
„დიდი მადლობა აშშ-ის საელჩოს და ევროკავშირის მისიას და ბოდიში, რომ ხელისუფლების მხრიდან ხშირად აყენებენ მათ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში. ვწუხვარ, რომ დიპლომატიურ წარმომადგენლებს დასჭირდათ მთავრობისთვის გაკვეთილის ჩატარება. რაც ჩვენ ვნახეთ, ამ მოკლე ტექსტში კვინტესენციაა, როცა პროფესიონალებს არაპროფესიონალების მიმართ უწევთ აღმზრდელობითი სამუშაოს ჩატარება. უთხრეს, რა არის ფასილიტატორის როლი, აუხსნეს რა მნიშვნელობა ჰქონდა შეთანხმებას მოკავშირეებისა და ჩვენი საზოგადოებისთვის. შემდეგ აუხსნეს საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს საქართველოსთვის იმას, რომ სამართლიანი სისტემით ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები და ბოლოს აუხსნეს, რომ არაფერი ეს არ იქნება, თუ არ შესრულდება შეთანხმების მეორე ნაწილი, რომელიც არის პოლიტიკური მიზეზებით და მიზნებით გამოწვეული სასამართლო გადაწყვეტილებების ლიკვიდაცია და მიმდინარე საქმეების შეჩერება. უნდა გვიხაროდეს, რომ ხელისუფლებამ აიძულა ფასილიტატორები აიძულა, გაკვეთილი ჩაეტარებინა, მაგრამ როგორც საქართველოს მოქალაქეს, მწყინს რომ ასეთი არაპროფესიონალი მთავრობა გვყავს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორები პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის მიმართვას ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "მათი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის განსაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას".
"8 მარტის შეთანხმება იყო ქართული პოლიტიკური ძალების მიერ მიღწეული ისტორიული მნიშვნელობის წარმატება, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პოლიტიკური სისტემის დეპოლარიზაციასა და ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის უკეთესი გარემოს შექმნას, მას შემდეგ, რაც დაპირებული საკონსტიტუციო ცვლილებები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა. ჩვენ, როგორც დიალოგის ფასილიტატორებმა ხელი შევუწყეთ დისკუსიის პლატფორმის შექმნას, რომელიც ემსახურებოდა ნდობის შენებას და საშუალებას აძლევდა მონაწილეებს, წასულიყვნენ რთულ დათმობებზე. ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს", – ნათქვამია პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც აშშ–ის საელჩო ავრცელებს.
ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მონაწილე ელჩებს სთხოვა, ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და "დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა".
2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.