ხულორდავა: "პირობის მეორედ შეუსრულებლობა ქვეყნის იზოლაციის გზაა"
12/05/2020 08:49:09 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი, პარლამენტარი თამარ ხულორდავა აცხადებს, რომ არანაირი საბაბით არ შეიძლება უარის თქმა საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელიც 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემას ეხება.
„ქართულ ოცნებას“ ცვლილებები ხელს ნამდვილად არ აძლევს, მით უფრო ახლა, როცა კრიზისის პერიოდში შეძლო ძალების აღდგენა. ოპოზიციის ნაწილსაც თავისი მოტივები აქვს. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლების სრული საერთაშორისო დისკრედიტაცია სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი. მათ არც სურთ, ქართულმა ოცნებამ ქულების დაწერა შეძლოს ამ საკონსტიტუციო ცვლილების მიღებით“, – წერს პარლამენტარი.
მისი თქმით, არ შეიძლება, ორი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესს ქვეყნის განვითარების შანსი გადაჰყვეს.
როგორც ხულორდავა აღნიშნავს, პირობის მეორედ არშესრულება ქვეყნის იზოლაციაში მოქცევის გზაა.
„ქართულმა ოცნებამ უნდა შემოიტანოს საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი პარლამენტში და ხმა უნდა მისცეს მას, მიუხედავად იმისა, თუ რას აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
„ქართული ოცნების“ სრული მხარდაჭერის შემთხვევაში, დამოუკიდებელი დეპუტატების ჯგუფთან ერთად, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შესაძლებელი იქნება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უკვე მეორედ დადებული პირობის არშესრულება, ძალიან ძვირი დაუჯდება საქართველოს ხელისუფლებას. ამას ვერც ოპიზიციის სიჯიუტით გაამართლებენ და ვერც კორონავირუსით დაჩრდილავენ“, – დაწერა პარლამენტარმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ 11 მაისს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ “ქართული ოცნება” ზედმიწევნით ასრულებს 8 მარტის შეთანხმებით გათვალისწინებულ ყველა ვალდებულებას, თუმცა, მისი თქმითვე, ოპოზიციამ კიდევ უფრო გააძლიერა თავისი ძალისხმევა მართლმსაჯულების არასათანადო პოლიტიზების მიმართულებით.
თალაკვაძის განცხადებით, პატიმრების გათავისუფლების პირობა მმართველ გუნდს არავითარი ფორმით და არავის წინაშე არ დაუდია, ოპოზიცია კი უტიფრად სპეკულირებს და საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება“.
განსხვავებით მმართველი გუნდისგან, მსგავსი შეთანხმების არსებობას ადასტურებენ პოლიტიკური ფიგურები, რომლებიც ასევე ესწრებოდნენ შეხვედრებს. მათ შორის თამარ ჩუგოშვილი, ირმა ინაშვილი, მარიამ ჯაში.


