ხიდაშელი – რიშის კომენტარზე: „ფიდელ კასტროობამდე ისტორია ასე იწყება“
12/05/2020 09:20:11 პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი სენატორ ჯიმ რიშის განცხადებას ეხმიანება .
„ის დღეც მოიყვანა „ოცნებამ“, რომ აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის „ტვიტერზე“ „საქართველოში პოლიპატიმრები გყავთო“ – გვითხრეს. და იძახეთ ახლა შეცდომაში შეყვანილები. ჯერ ორჯერ რომ გადააგდებ პარტნიორს და მერე შანტაჟის მოწყობას დაუპირებ, ასე იწყება ისტორია ფიდელ კასტროობამდე“, - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი რესპუბლიკური პარტიიდან ჯიმ რიში საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს, სრულიად შეასრულონ მარტში გაფორმებული ხელშეკრულება.
„ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ მარტის ხელშერულებას, მათ შორის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და ახალი საარჩევნო სისტემის პროგრესს“, - ნათქვამია სენატორის განცხადებაში, რომელიც „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნდა.
მანამდე მმართველმა გუნდმა განაცხადა, რომ პატიმრებთან დაკავშირებით პარტიებს შორის არანაირი შეთანხმება არ მომხდარა.


