ენმ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტის უკიდურესი ფორმის გამოყენებას აანონსებს
12/05/2020 10:24:01 პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თუ უმრავლესობა 2020 წლის 8 მარტის შეთნხმებას არ შეასრულებს, ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, მიმართავთ პროტესტის უკიდურეს ფორმას, ყველა ნეგატიურ შედეგზე კი პასუხს ხელისუფლება აგებს.
"არ დავუჭერთ მხარს ცვლილებებს და არ გვიტოვებს ხელისუფლება სხვა გამოსავალს, რომ ისევ მივმართოთ კონსტიტუციურად გათვალისწინებულ უკიდურესი პროტესტის ფორმას. აქციებსაც, რისი არავითარი სურვილი არ გვაქვს. არ გვაქვს სურვილი რადიკალიზაციის და დაპირისპირების, რადგან იმ კრიზისის გამკლავებას, რაც გველოდება, შევძლებთ ერთობლივი პოლიტიკური ნაბიჯებით." - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლების ქმედების შედგია, რომ მედიატორებს მოუწიათ ოპოზიციის და ხელისუფლების დისკუსიაში ჩარევა და ახსნა, რა არის მედიატორის როლი და რაოდენ მნიშვნელოვანია, პოლიტპატიმრების ციხიდან გამოშვება.
„სამწუხაროდ, აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს მოუწია იმის ხაზგასმა, რომ პოლიტიკური პატიმრები არსებობენ, რომ ყველა მხარემ უნდა შეასრულოს ვალდებულებები და ყურადღებას აქცევენ როგორ შესრულდება. ყველა ნეგატიურ შედეგზე, რასაც ხელისუფლების უადგილო განცხადება მოიტანს, პასუხს აგებს ხელისუფლება,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.
სენატორმა რიშმა ამ შინაარსის განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს 11 მარტის განცხადებასთან ერთად.
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას აუცილებლად მიიჩნევს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერიც.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.


