იაგო ხვიჩია: „ეს ყველაფერი ტრამპის „ტვიტით“ დამთავრდება“
12/05/2020 13:05:44 პოლიტიკა
„გირჩის“ წარმომადგენლის იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართვე,ლოს ამჟამინდელი ხელისუფლების პროგნოზირება შეუძლებელი გახდა.
მისთვის გაურკვეველია, რაში დასჭირდა „ქართულ ოცნებას“ „მცდარი ნაბიჯი“ და მას შემდეგ, რაც ამერიკელმა სენატორმა საქართველოში პოლიტიკური პატიმრების არსებობის შესახებ ისაუბრა, დროა ხელისუფლებამ ვიტარება გაიაზროს.
„კარგი იქნება, დროზე მივხვდეთ, კიდევ რომ არ გაღრმავდეს ეს საკითხი. გვახსოვს, როდესაც პროპორციული არჩევნები ჩავარდა, ხელისუფლების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობიდან „ტალღა“ როგორ მოდიოდა. იგივე ტალღა დაიწყება. მგონია, რომ ეს ყველაფერი ტრამპის „ტვიტით“ დამთავრდება და შემდეგ გვიანი იქნება ყველაფრისთვის. უბრალოდ, ეს ამ ქვეყნისთვის კარგი არაა. კარგი არ არის, როდესაც შენს ქვეყანაზე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ პოლიტპატიმრები გყავს, პატივს არაფერს სცემ, შენივე დაპირებაზე აცხადებ უარს, შენს ახლო მეგობრებთან და გულშემატკივრებთან იქცევი ისე, როგორც იქცევი. თუ აქამდე იყო საუბარი, რომ პოლიტპატიმრებზე შეთანხმება არ ყოფილაო, დღეს ყველა ადასტურებს, რომ მსგავსი შეთანხმება იყო. თან, ერთხელ უკვე გქონდა „გადამგდების“ სახელი და ახლა ეს საერთაშორისო პარტნიორებთან გექნება. არ მგონია, ეს ვინმესთვის იყოს კარგი. არ ვიცი, „ქართულ ოცნებაში“ ამ იდეას ვინ გულშემატკივრობს და რა ახსნა აქვს“,– განაცხადა ხვიჩიამ.
ცნობისთვის: აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.
სენატორმა რიშმა ამ შინაარსის განცხადება ტვიტერზე გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს 11 მარტის განცხადებასთან ერთად.
საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას აუცილებლად მიიჩნევს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერიც.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.


