Accentnews.ge
გერმანიის ელჩი: "​პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება"

გერმანიის ელჩი: "​პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება"

12/05/2020 19:07:27 პოლიტიკა

"​პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- ასე უპასუხა გერმანიის ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა შეკითხვას "არსებობენ თუ არა საქართველოში პოლიტპატიმრები."

"პოლიტიკური პატიმარი, როგორც ამ ტერმინს "ამნესტი ინტერნეიშენალი" განმარტავს, არის ადამიანი, ვისაც თავისი პოლიტიკური შეხედულებებისა და პოლიტიკური საქმიანობის გამო სისხლის სამართლებრივი საშუალებებით დევნიან და ციხეში სვამენ. ტერმინი "პოლიტიკური პატიმარი" არ ნიშნავს იმ სიტუაციას, როდესაც პოლიტიკოსი ციხეში აღმოჩნდება,"- განაცხადა ჰუბერტ ქნირშმა "რუსთავი 2"-ის ეთერში.

მისი თქმით, ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა მოლაპარაკებების პროცესი რთული იყო, თუმცა ტექსტზე შეჯერება მოხერხდა. საუბარია 8 მარტის პოლიტიკურ შეთანხმებაზე.

"მოლაპარაკებების დროს ოპოზიცია აცხადებდა, რომ არსებობდა სასამართლოზე პოლიტიკური ზეწოლა, ხოლო სახელისუფლებო პარტია ამტკიცებდა, რომ სასამართლო უწყებები დამოუკიდებლები არიან და მათზე არ ხორციელდება ზეწოლა. ეს რთული მოლაპარაკება იყო, მაგრამ შედეგად შედგა ეს ტექსტი, რომლის ციტირებაც თქვენ მოახდინეთ, სადაც წერია, რომ მიუხედავად პარტიებს შორის არსებული განსხვავებული შეხედულებებისა, ყველა თანხმდება იმაზე, რომ აუცილებელია რეაგირება ქმედებებზე, რომლებიც შესაძლოა, აღქმულ იქნას, როგორც სასამართლოზე პოლიტიკური გავლენა. ამით დასრულდა 8 მარტის მოლაპარაკებები და ეს ჩვენ, იმ დიპლომატებს, რომლებმაც მივიღეთ მასში მონაწილეობა, გვაძლევს იმედს, რომ პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს და მუშაობას იმაზე, რომ საქართველოში შექმნან ისეთი სიტუაცია, როდესაც ყველას ექნება ნდობა სასამართლოსა და იქ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ,"- განაცხადა ელჩმა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში საქართველოში პოლიტიკური პარტიებისგან მოელის მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, მათ შორის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და პროგრესს ახალი საარჩევნო სისტემისკენ.

სენატორმა რიშმა ამ შინაარსის კომენტარი „ტვიტერზე“ გამოაქვეყნა საქართველოში აშშ-ის საელჩოს 11 მარტის განცხადებასთან ერთად.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მიღწეული შეთანხმების შესრულებას აუცილებლად მიიჩნევს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, რესპუბლიკელი ადამ კინზინგერიც.

8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა.ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S