საგარეო უწყება: „ვმუშაობთ, რათა TikTok–მა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეცვალოს“

13-05-2020 10:01:34 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დიპლომატიური უწყება სოციალურ ქსელ TikTok-ის საკითხზე მუშაობს, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალოს.

„ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა არის საგარეო უწყების უმთავრესი პრიორიტეტი. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყოველთვის რეაგირებს ცალკეული სუბიექტების/ორგანიზაციების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებელ ერთეულებად მოხსენიების ფაქტებზე. არაერთი მაგალითი არსებობს, როდესაც საგარეო უწყების მუშაობის შედეგად, სხვადასხვა საიტებზე ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში გამოყენებული არასწორი დეფინიცია შეიცვალა. ჩვენ ვმუშაობთ სოციალური ქსელის TikTok–ის საკითხზე და როგორც სხვა წინა შემთხვევებში, აღნიშნულ საიტზე არსებული ხარვეზის გასწორების მიზნით“, – განუცხადეს „აქცენტს“ საგარეო უწყებაში.

ცნობისთვის: TikTok-ს ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის ოკუპირებული რეგიონი ე.წ. სახელმწიფოებად აქვს მითითებული.

TikTok-ზე დარეგისტრირებისას მომხმარებლებს ქვეყნების ჩამონათვალში ოკუპირებული რეგიონები ცალკე ე.წ. სახელმწიფოებად ხვდებათ, საქართველო კი ცალკეა გამოყოფილი.

TikTok ჩინური სოციალური ქსელია, რომელიც, ძირითადად თინეიჯერებშია პოპულარული. 2019 წელს აპლიკაცია აშშ–ში გადმოწერების რაოდენობით მესამე იყო Facebook-ისა და Instagram-ის შემდეგ. 2019 წლის დეკემბერში აშშ-ის არმიაში ჯარისკაცებს აპლიკაციის გამოყენება აეკრძალათ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები