ნინო ბურჯანაძე: „გარწმუნებთ, ხელისუფლებას დაათმობინებენ“
13/05/2020 12:38:29 პოლიტიკა
"ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ხელისუფლების ქმედებები სამომავლოდ ქვეყანას ეკონომიკური კუთხითაც აზარალებს.
„ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ, რათა შეთანხმების შესრულებისთვის მაქსიმუმი გაკეთდეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია არა მარტო ოპოზიციისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც ციხეშია, არამედ ხელისუფლებისთვისაც. იმიტომ, რომ ხელისუფლებამ მისდა უნებურად, გახსნა პანდორას ყუთი და პირველად საერთაშორისო ორგანიზაციების, ამერიკის სენატის თავმჯდომარის განცხადებაში დაფიქსირდა სიტყვა „პოლიტპატიმარი“, რაც ხელისუფლებისთვის დამანგრეველია და ეს ძალიან ცუდია იმ ეკონომიკური კრიზისის ვითარებაში, რომელიც ჩვენ წინ გველოდება.
თუ ქვეყნის მიმართ იქნა გამოყენებული სიტყვები, რომ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები, გარწმუნებთ, რომ ეკონომიკური დახმარების მიღება, ძალიან გართულდება და ძალიან გაგვირთულდება საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობა. ხელისუფლებას ყველა შემთხვევაში მოუწევს დათმობის გაწევა. მე გაგახსენებთ განცხადებებს 8 მარტამდე - გამოიგლოვეთ, შავები ჩაიცვით...არ ვარგა ასე ერთმანეთთან საუბარი. ჩვენ ვართ ოპონენტები და არა ერთმანეთის მტრები. ხელისუფლებამ უნდა გადმოდგას ნაბიჯი და სრულყოფილად შეასრულოს შეთანხმება“,– განაცხადა ბურჯანაძემ.
ბურჯანაძეს მიაჩნია, რომ „ხელისუფლება უბრალოდ ჯიუტობს, არ უნდა დათმობაზე წამოვიდეს, რომ ეს სისუსტედ არ ჩაეთვალოს. გარწმუნებთ, მერე თუ დაათმობინებენ, როგორც ეს 8 მარტს მოხდა და დაათმობინებენ აუცილებლად და უფრო სისუსტე იქნება ხელისუფლებისთვის“
იხილეთ ასევე: ოპოზიცია ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმდა
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.


