სააკაშვილი: „პატივს ვცემ პრინციპებს და არავის შევუქმნი პრობლემებს“
13/05/2020 14:40:41 პოლიტიკა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს შიდა პოლიტიკაში მის ჩართულობაზე „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, საქართველოში საკმარისი ჯანსაღი ძალაა, რომ ქვეყანა განვითარების გზაზე დააყენონ, თავად მათ ხელს შესაძლებლობების ფარგლებში შეუწყობს.
„მე საქართველოს ისტორიას ვერ გავეთიშები[...]. რა იქნება არჩევნებზე და ა.შ. ეს საბოლოო ჯამში, ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში საკმარისად ბევრი ჯანსაღი ძალაა. ჩემი ამოცანაა, რომ თუ უკრაინაში პატარა წინ წაწევა გვექნება გაძლიერების თვალსაზრისით (უკრაინის გაძლიერება პირდაპირ მუშაობს საქართველოს გაძლიერებაზე. ძლიერი პარტნიორის გარეშე პატარა საქართველოს გაუჭირდება უზარმაზარი გამოწვევების გადალახვა)...ჩემი წვლილი ესაა. თუ ვილაპარაკებთ იმაზე, რა მოხდება საქართველში, ეჭვი არ მეპარება, ყველაფერი კარგად იქნება. მე არც ერთი ქვეყნის კანონმდებლობა არ მზღუდავს, ვიყო საქართველოს პატრიოტი, არავინ არ მთხოვს ამას და ვერც მომთხოვს. მე, რა თქმა უნდა, პატივს ვცემ წესებსა და პრინციპებს და არავის შევუქმნი პრობლემებს. ვგულისხმობ ადამიანებს, ვისაც საქართველოსა და უკრაინისთვის კარგი უნდათ. საქართველოში არის საკმარისი ძალა, რომლებიც ხალხთან ერთად შეძლებენ და ქვეყანას განვითარების გზაზე გამოიყვანენ. მე რისი გაკეთებაც შემეძლება, ყველანაირად შევუწყობ ხელს. რომ გითხრათ, ყოველდღიურად ქართულ ეთერებში ვიყო... ამის დროც არ მაქვს. უკრაინულ ეთერებშიც მკვეთრად შევამცირე გამოჩენა. მირჩევნია, ბევრი შეხვედრა გავმართო. სადაც გაიხედავ, ყველგან პრობლემაა, ყველას შეხვედრა უნდა, განხილვა. და ახლა ყველაზე ცუდი იქნება, ამ ადამიანებს ხელი ვკრა და მათ ეთერებში დამინახონ. ეს სწორი არ იქნება“,– განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ პარტნიორებთან პრობლემები იქმნება.
„როდესაც სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს ვინმე ჩვენისთანა ქვეყანაში ცოტა აგდებულად მოიხსენიებს, ძალიან არასწორად გამოიყურება. სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ძალიან მნიშვნელოვანი პირია“,– დასძინა სააკაშვილმა.
ცნობისთვის: მას შემდეგ რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიხეილ სააკაშვილი ახალ თანამდებობაზე დანიშნა, თბილისმა ელჩი კიევიდან კონსულტაციებისთვის გამოიწვია.


