
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს გმობს
12/06/2019 10:41:18 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ცხინვალის ოკუპირებული რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპარლამენტო არჩევნებს გმობს.
ამის შესახებ ნათქვამია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ მომხსენებლების განცხადებაში.
„მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს რეგიონში – სამხრეთ ოსეთში 9 ივნისს გამართული ე.წ. არჩევნები უკანონო და არალეგიტიმურია, რომელიც კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებას ხელს უშლის. ვგმობთ ამ ე.წ. არჩევნებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის: 9 ივნისს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. დე ფაქტო ცსკ-ის მონაცემებით, „არჩევნებში“ მმართველმა პარტიამ „Единая Осетия” გაიმარჯვა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო პირველი დე ფაქტო არჩევნები, რომელიც შერეული - მაჟორიტარულ-პროპორციული სისტემით ჩატარდა.