Accentnews.ge
პოლონელი ევროპარლამენტარი: "გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!"

პოლონელი ევროპარლამენტარი: "გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!"

14/05/2020 09:20:02 საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრი “ევროპის სახალხო პარტიიდან”, პოლონელი ევროპარლამენტარი ანჟეი ჰალიცკი აცხადებს, რომ "პოლიტიკური პატიმრების ციხიდან არგათავისუფლება საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული 8 მარტის შეთანხმების დარღვევაა".

“ჩვენ, საქართველოს მეგობრები ევროპარლამენტში მივესალმეთ 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც მიღწეულ იქნა მთავრობასა და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური პატიმრების არგათავისუფლება არღვევს ამ შეთანმხებას და გამორიცხავს თავისუფალ არჩევნებს. გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები!”, – წერს ევროპარლამენტარი "Twitter"–ში პირად გვერდზე.

ცნობისთვის: 11 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმებაში მონაწილე ელჩებს სთხოვა, "ნათელი მოჰფინონ შეთანხმების შინაარსს და დაადასტურონ, რომ მასში ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების ვალდებულება არ ჩაწერილა". მოგვიანებით, იმავე დღეს პოლიტიკური დიალოგის ფასილიტატორებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც შემდეგი აღნიშნეს:

"ჩვენი როლი არ გულისხმობს განხილვების შინაარსის გასაჯაროებას ან შეთანხმების განმარტებას. მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისვთის კარგად ცნობილია. ის ერთნაირად მოიწონა, როგორც ქართველმა ხალხმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ. ჩვენ აღვნიშნავთ, რომ შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, სრულად დაიცვან შეთანხმების ორივე ნაწილი, რათა ის წარმატებით განხორციელდეს".

12 და 13 მაისს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მხარეებს არაერთმა უცხოელმა პოლიტიკოსმა, მათ შორის ევროპარლამენტარმა მოუწოდა. აშშ–ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიშმა კი "პოლიტიკური პატიმრებიც" ახსენა.

"ველოდები, რომ საქართველოს პოლიტიკური პარტიები სრულად შეასრულებენ 8 მარტის შეთანხმების პირობებს, მათ შორისაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და პროგრესი ახალი საარჩევნო სისტემის მიმართულებით“, – დაწერა რიშმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პირად გვერდზე.

2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S