
ცხინვალი: “ჰუმანიტარულ დახმარებას მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან მივიღებ”
14/05/2020 09:31:50 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ხელისუფლება, რომელიც ახალი ტიპის კორონავირუსის ეპიდემიას სრულიად მოუმზადებელი შეხვდა, კვლავინდებურად ჯიუტად აცხადებს, რომ ჰუმანიტარულ დახმარებას, რომელსაც მას თბილისი და საერთაშორისო ორგანიზაციები უკვე თითქმის ორი თვეა, სთავაზობენ, “მხოლოდ რუსეთის ტერიტორიიდან მიიღებს”.ეს პოზიცია ცხინვლის წარმომადგენლებმა დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ონლაინ-კონფერენციის დროსაც დააფიქსირეს.ოსური მხარის ინფორმაციით, საუბარი შეეხო, მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების მხრივ არსებულ ვითარებასაც.
«კონფერენციის ოსმა მონაწილეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამხრეთ ოსეთი ჰუმანიტარულ დახმარებას მადლიერებით მიიღებდა, თუ მისი მოწოდება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციებით მოხდება», - იუწყება ოსური მედია.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, ოსური მხარის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ მოითხოვეს წნელისთან არსებული ქართული საპოლიციო საგუშაგოს დემონტაჟი და ყურადღება “სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ქართული უპოლიტო საფრენი აპარატების გადაფრენის არაერთ შემთხვევაზე” გაამახვილეს.
ცნობისთვის: კორონავირუსის პირველი შემთხვევები ოკუპირებულ რეგიონში 6 მაისს გამოვლინდა. სადღეისოდ მათი რაოდენობა უკვე 30-მდეა გაზრდილი. ყველა ინფიცირებული რუსეთის ტერიტორიიდანაა ჩასული. სავალდებულო კარანტინში იმყოფება 300-მდე ადამიანი.
იხილეთ ასევე: “ეს საუკეთესო მომენტია აფხაზეთთან ვაჭრობის კუთხით კორპორაციის ჩამოყალიბებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად”