Accentnews.ge
ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზადება, რომელშიც 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა

ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული ანგარიშის მიღებისთვის ემზადება, რომელშიც 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა

14/05/2020 12:44:17 საგარეო პოლიტიკა

ევროპარლამენტი საქართველოსთან მიმართებაში კრიტიკული დოკუმენტის მიღებისთვის ემზადება, რომელშიც 8 მარტის შეთანხმებაც მოხვდა. ამასთან, დოკუმენტის სამუშაო ვარიანტში გამოთქმულია შეშფოთება ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრული საქმეების გამო.

"საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე" ანგარიში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა მოამზადა.

"ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ 8 მარტის შეთანხმება კანონად იქცეს და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები სრულად და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრული საქმეების გამო, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რამაც პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტებს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც აქვს აღებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ​მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშნვამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში.

"ქართული ოცნების" ყოფილი წევრი, დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი მიქსერის მიერ მომზადებულ დოკუმენტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მისი შინაარსიდან გამომდინარე ყველა საკითხის განხილვა, რომელიც საქართველოს შეეხება, მძაფრი იქნება.

"ევროპარლამენტში ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო სტრუქტურებში, ნოემბრის შემდგომ გამწვავებული ფონი ჩააცხრო 8 მარტის შეთანხმებამ. ახლა რაც ხდება ჩვენს პოლიტიკაში და ქვეყანაში, ეს პირიქით კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას, ვიდრე 8 მარტამდე იყო. მომხსენებლის ანგარიში, არ არის ერთადერთი საკითხი, რომელიც იხილება ევროპარლამენტში. ასევე არის აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხი. 3 დისკუსია იქნება მომავალი თვის განმავლობაში საქართველოსთან დაკავშირებით. უკვე ჩანს ამ განცხადებებიდან რასაც უნდა ველოდოთ. ერთი რჩევა მექნებოდა ხელისუფლებასთან - იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენგან გარკვეულ ნაბიჯებს ელოდნენ და რომლებიც ახლა არიან იმედგაცრუებულები, მათ მტრებად ნუ შერაცხავთ, რადგან ეს ადამიანები არ არიან მტრები და მათ ხელში არის საქართველოსთან დაკავშირებული ძალიან ბევრი გადაწყვეტილებები, მათ შორის ფინანსური დახმარებები, ამიტომ მესიჯები შეცვალეთ და შეასრულეთ ის დაპირებები, რომლებსაც ყველა ელოდა თქვენგან", - განაცხადა ჩუგოშვილმა "ფორმულასთან" საუბრისას.

სვენ მიქსერის ანგარიშის განხილვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე 19 მაისისთვის არის დაგეგმილი.

ცნობისთვის: 2020 წლის არჩევნების ახლებური საარჩევნო სისტემით ჩატარების საკითხზე ხელისუფლება და ოპოზიცია 8 მარტს საერთაშორისო პარტნიორების შუამავლობით შეთანხმდნენ. შეთანხმების თანახმად, საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შესძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიცია შეთანხმების შესრულების ერთ-ერთ მთავარ პირობად "პოლიტპატიმრების" გათავისუფლებას ასახელებს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი დოკუმენტში ამგვარი დათქმის არსებობას უარყოფენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S