„ქართული ოცნების“ რიგმა წევრებმა 8 მარტის შეთანხმების ტვირთი პრეზიდენტზე გადაიტანეს
15/05/2020 08:29:06 პოლიტიკა
"ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა პოლიტპატიმრებად წოდებული ადამიანები უნდა შეიწყალოს.
ოქრიაშვილი პოლიტიკური სტაბილურობის გზას სწორედ ამ ნაბიჯში ხედავს.
ოქრიაშვილი ამბობს, რომ თავად პროპორციულ სისტემას მხარს არ უჭერს და იგივე აზრზე რჩება, თუმცა პროცესი ჩიხში არ უნდა შევიდეს.
"მე მსურს, რომ პოლიტიკური პროცესი ჩიხში არ შევიდეს. პრეზიდენტი უნდა ჩაერიოს, როგორც ზეპარტიული და პოლიტიკურ პროცესს გზა უნდა გაუხსნას. უნდა შეიწყალოს ის პირები, ვინც ითვლება, რომ არიან დაკავებულები პოლიტიკური მოტივით. ეს სადაო საკითხია, არიან ისინი პოლიტპატიმრები თუ არა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. 2020 წლის არჩევნები უნდა იყოს აბსოლუტურად ლეგიტიმური" - ამბობს ოქრიაშვილი.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
უკვე გაკეთდა კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების, აშშ–ის სენატის თავმჯდომარე ჯიმ რიშის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების სესრულებისკენ მოუწოდებენ.


