კალაძე – საარჩევნო ცვლილებების შესაძლო ჩავარდნაზე: „ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია“
15/05/2020 13:07:48 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, თბილისის მერ კახა კალაძის შეფასებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ეს ქვეყნისთვის ცუდი იქნება, თუმცა „საგანგაშო არაფეია“.
„თუ მოხდა , ჩავარდა და ვერ მოხდა საარჩევნო სისტემის ცვლილება, ჩემს აზრს გეუბნებით, ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ცუდი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია – მოგვიწევს არჩევნების იმ სისტემით ჩატარება, რასაც ათეული წლების განმავლობაში ვაკეთებდით“,– განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ოპოზიციის მტკიცება, თითქოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ნაწილი იყო პატიმრობაში მყოფი კონკრეტული პირების გათავისუფლება, სიმართლეს არ შეესაბამება, ვინაიდან არც მთავრობას და არც პარლამენტს ამის ბერკეტი არ გააჩნია.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეწყალების შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია.
„საკონსტიტუციო ცვლილებები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რომ ეს ცვლილებები განხორციელდეს და ცვლილებები შევიდეს საარჩევნო სისტემაში. ეს იყო შეთანხმება 8 მარტის შეხვედრებზე, რომელიც ასახულ იქნა დოკუმენტში, თუნდაც მემორანდუმი დავარქვათ ამას და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას მის შესრულებაზე. მაგრამ ამას აქვს მეორე მხარე – ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს ამ შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაათავისუფლოს ციხიდან. ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. სწორედ მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ცხადია, ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ, პირიქით, დამუხტვა, რადგან კარგად ხვდებიან, რა რეიტინგი აქვთ და იციან, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც მერმა აღნიშნა, მისთვის უცნობია, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სიტუაციის დაძაბვის შესაძლებლობა არავის უნდა მიეცეს.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
უკვე გაკეთდა კრიტიკული განცხადებები რიგი ევროპარლამენტარების, აშშ–ის სენატის თავმჯდომარე ჯიმ რიშის, კონგრესმენ ადამ კინზინგერის მხრიდან. ისინი ხელისუფლებას 8 მარტის პოლიტიკური შეთანხმების სესრულებისკენ მოუწოდებენ.


