კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს
15/05/2020 13:58:24 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების რესურსი არსებობს.
„ძალიან სამწუხაროა, კახა ოქრიაშვილის განცხადება. ჩვენ გვექნება პრინციპული პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით. თუმცა, თუ იქნება ყველა სხვა პარლამენტარების მხარდაჭერა, მათ შორის, ოპოზიციიდან გარდა, იმ პოლიტიკური პარტიებისა, რომლებიც აგრძელებენ სპეკულაციებს, ამ შემთხვევაში ჩვენ მაინც გვაქვს რესურსი, რომ დამოუკიდებელ დეპუტატებთან და დამატებით, ორ ფრაქციასთან ერთად, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. ამისთვის საკმარისია ხმების რაოდენობა. რეზერვში რჩება რამდენიმე ხმაც კი. თუ ყველა მათგანი მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო ცვლილებას, ამ შემთხვევაში, ეს ცვლილება აუცილებლად დამტკიცდება. ჩვენ გვაქვს ამ ოპტიმიზმის საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
8 მარტს მიღწეული შეთანხმებით, 2020 წელს საქართველოს მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრიდან 120-ს პროპორციული, ხოლო 30-ს მაჟორიტარული წესით აირჩევენ. საარჩევნო ბარიერი 1% იქნება და იმოქმედებს ე.წ. ჩამკეტი, რათა ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ შეთანხმების მეორე ნაწილი ეხება „პოლიტპატიმრების“ გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილის და გიორგი რურუას გათავისუფლებას. „ქართულ ოცნებაში“ ასეთ ვალდებულებას უარყოფენ.
ენმ–სა და ევროპულ საქართველოში“ აცხადებენ, რომ თუ შეთანხმება სრულად არ შესრულდება, საკონსტიტუციო ცვლილებებს თავად მხარს არ დაუჭერენ.


