ჯეიმს რიში და ჯინ შაჰინი : "ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას"
16/05/2020 08:41:03 პოლიტიკა
მივესალმებით შეწყალებას და ბატონი ოქრუაშვილისა და ბატონი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ, რამაც უნდა გარდაქმნას საარჩევნო სისტემა და დაასრულოს პოლიტიკური ჩარევა სასამართლოს საქმიანობაში, - ამის შესახებ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის ჯეიმს რიშისა და სენატორ ჯინ შაჰინის ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლება ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც 8 მარტის შეთანხმების მიღწევის პროცესში მონაწილეობდა.
„ეს ძლიერი სიგნალია მათთვის, ვინც ამ პროცესში ძალისხმევა გასწია და იმუშავა, რომ შეთანხმება ხელმოწერილიყო და პროგრესი მიღწეულიყო,“- აცხადებენ სენატორები.
მათივე თქმით, „მოუთმელად ელიან“ საარჩევნო სისტემაში ცვლილებების განხორციელებასა და გიორგი რურუას გათავისუფლებას.
„მომდევნო კვირებში, მას შემდეგ რაც პარლამენტი სამუშაო რეჟიმში დაბრუნდება, მოუთმენლად ველით საარჩევნო სისტემაში შეთანხმებული ცვლილებების განხორციელებას. ასევე, ველით გიორგი რურუას გათავისუფლებას, მედია მფლობელის, რომელიც დეკემბერში ყალბი ბრალდებებით დააკავეს", - ნათქვამია სენატორების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ შეიწყალა. მათ საპატიმრო გუშინვე დატოვეს.


