სუბარი – შეწყალებაზე: „მე ვერ გავბედავდი“
18/05/2020 10:16:13 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრის მრჩევლის სოზარ სუბარის განცხადებით, მისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება, შეეწყალებინა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, მოულოდნელი იყო.
სუბარი ამბობს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს ბევრი მოქალაქე გაანაწყენა, მაგრამ გაბედა და გადაწყვეტილება მიიღო.
„ისინი [ოპოზიცია] ხედავენ, რომ არჩევნებში სერიოზულად წააგებდნენ. მათ სჭირდებოდათ, რომ ეს ორი ადამიანი [უგულავა და ოქრუაშვილი] ყოფილიყო ციხეში, რომ ეს ყოფილიყო მუდმივი თემა მათთვის, ეცდებოდნენ დესტაბილიზაციას, რას მიაღწევდნენ სხვა თემაა, მაგრამ ეცდებოდნენ...მათ ეს [გათავისუფლება] არ სჭირდებოდათ. ამიტომაც, ქალბატონმა სალოემ თავის თავზე ძალიან დიდი დარტყმა აიღო, რომლითაც ვერ მოიგებს იმ ხალხის გუნდს, რომლებიც ისედაც მისი მოწინააღმდეგეები იყვნენ – „ნაციონალური მოძრაობას“ და მასთან აფილირებულ პოლიტიკურ პარტიებს ვგულისხმობ. სამაგიეროდ, გაანაწყენა საქართველოს ბევრი მოქალაქე, მაგრამ მან ეს გაბედა, რაც დიდად დასაფასებელია. მე ამას ვერ გავბედავდი. რამ მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, მან განმარტა. საერთაშორისო გამოხმაურებაც იქნებოდა ერთ–ერთი საფუძველი“,– განაცხადა სოზარ სუბარმა „იმედის“ ეთერში.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა 15 მაისს გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ საკითხი მათთან შეთანხმებული არ ყოფილა.


