ჯაფარიძე: „არარეალური მგონია, რომ ოპოზიციური პარტიებისგან რაღაც კოალიცია გაკეთდეს“
18/05/2020 10:23:33 პოლიტიკა
“ლეობორისტული პარტიის” ოფისში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც სამოქმედო გეგმაზე უნდა იმსჯელონ. შეხვედრას საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ პირველად დაესწრებიან გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი.
შეხვედრის დაწყებამდე საარჩევნო საკითხზე ოპოზიციის გაერთიანებული ფორმატის კოორდინატორმა პაატა დავითაიამ განაცხადა, რომ მისი ხედვაა, დღეს მოლაპარაკების მაგიდასთან მსხდომი ოპოზიცია პოლიტიკური ძალები არჩევნებზე ერთიანი კოალიციით გავიდნენ.
“გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთიანი კოალიციის შექმნის ინიციატივა დღის წერიგში არ დგას და თუ ვინმე დააყენებს, მისი პოზიცია იქნება, რომ “გირჩი” ვერავისთან კოალიციაში ვერ წარმოუდგენია.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია საერთო მაჟორიტარ კანდიდატებზე და პრინციპულ საკითხებზე უნდა შეთანხმდეს.
“შეიძლება, დავიწყოთ საუბარი მაჟორიტარ კანდიდატებთან მიმართებაში, რომ ერთმანეთს არ დავუყენოთ კონკურენტები. რაც შეეხება სხვა საკითხებს, არარეალური მგონია, რომ ამ პარტიებისგან რაღაც კოალიცია გაკეთდეს. მგონია, რომ პარტიები დამოუკიდებლად უნდა გავიდნენ არჩევნებზე. მაჟორიტარები არ უნდა დავუყენოთ ერთმანეთს, ისევე როგორც არსებითი მგონია, რომ შეთანხმება იყოს პრინციპულ საკითხებზე – როდესაც ვცვლით ხელისუფლებას, შემდეგ რას ვაკეთებთ კოალიციურ მთავრობაში. ისეთივე ტიპის შეთანხმება შეიძლება, მოხდეს, როგორც მაგალითად, სასამართლოს რეფორმასთან დაკავშირებით, სადაც გვაქვს ერთიანი ხედვა”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.


