ირაკლი ოქრუაშვილი: "ივანიშვილს სამი არჩევანი აქვს“
18/05/2020 10:55:47 პოლიტიკა
„ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში გაერთიანებული ოპოზიციის მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. კონსულტაციებს რამდენიმე დღის წინ გათავისუფლებული "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგი უგულავა და "გამარჯვებული საქართველოს" დამფუძნებელი ირაკლი ოქრუაშვილის ესწრებიან.
"ყველა პასუხისმგებლობით მოეკიდა მათ როლს ქვეყნის განვითარებაში. ასევ მინდა, ჩემი მიდგომა გამოვხატო ამ პროცესებისადმი - ძალა ერთობაშიამ მოიტანა 8 მარტის შეთანხმება; ჩვენი გათავისუფლება და მოიტანს გიორგი რურუას გათავისუფლებას; საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას; არჩევნების მშვიდობიანად ჩატარებას და ხელისუფლების ცვლილებას. ეს ერთობა იქნება და თუ ვინმე ამ ერთობას ხელს შეუშლის, ის ქვეყნის წინააღმდეგ მიდის. გამიჭირდება ჯერ ჩემ გეგმებზე საუბარი, რადგან აქ პირველად მოვდივარ და თითქმის არ შევხვედრივარ ჩემ მეგობრებს, მომიწევს რომ ცოტა სიტუაციაში გავერკვიო. ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის, რომ ოპოზიციის ერთობა ახალ ფაზაში ავიდეს. რაც შეეხება გიორგი რურუას გათავისუფლებას, ეს პროცესი გარდაუვალია. ეჭვი არ მეპარება, ხელისუფლებას ეყოფა გონიერება და ამ პროცესს დაასრულებს ისე, როგორც უნდა დასრულდეს: როგორც ეს მოხდა ჩემი და გიგის შემთხვვაში. მაქსიმუმ, ეს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველ მოსმენამდე უნდა მოხდეს. მე როგორც ვიცი, ისინი [საპარლამენტო ოპოზიცია] ჩაერთვებიან, როგორც კი რურუას საკითხი გადაიჭრება. ივანიშვილისთვის მხოლოდ კარგი მინდა: მას აქვს 3 არჩევანი – კარგი, ცუდი და ძალიან ცუდი. კარგი არის ხელისუფლების ცვლილების შედეგად ოპოზიციაში გადასვლა. ცუდია პოლიტიკის და ქვეყნის დატოვება და ძალიან ცუდია იქ გადასვლა, სადაც გუშინ მე და გიგი ვიყავით. ეს მხოლოდ მასზეა დამოკიდებული. ის რას აირჩევს არ ვიცი, ხანდახან მისი ქმედებები ლოგიკაში არ ჯდება", - განაცხადა შეხვედრის დაწყებამდე ირაკლი ოქრუაშვილმა.


