„ევროპულ დიპლომატიაში ბევრი რამ „მოსულა“, მაგრამ არა პარტნიორის „გადაგდება“... არაფრის „კლასი“ არ აქვთ“
18/05/2020 12:54:20 პოლიტიკა
ყოფილი სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, მმართველი გუნდი ამომრჩეველს კარგავს, მაგრამ არა „ევროპული საქართველოს“ ერთ–ერთი ლიდერის გიგი უგულავას და „გამარჯვებული საქართველოს“ დამფუძნებლის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების, არამედ დასავლეთის „შემოტევის“ გამო.
„ამომრჩეველს კარგავენ [„ქართული ოცნება“] არა შეწყალების ეპიზოდის გამო, არამედ იმის გამო, რომ დასავლეთმა ძალიან მკაფიოდ უთხრა თავისი სათქმელი. საქმე ისაა, რომ მსოფლიოში ძალიან იშვიათად შეიძლება, მოიპოვო მსგავსი მაგალითები. მახსენდება, პირველი მსოფლიო ომის წინ ავსტრია–უნგრეთმა როგორ დაავალა სერბეთს 7 თუ 8 პირობის შესრულება. შეუსრულებელი პირობები იყო, მაგრამ ყველა შეასრულა, ავსტრია–უნგრეთმა კი თქვა, „ეს ჩემთვის მიუღებელიაო“. მაშინ ჩაერთო ბრიტანეთი პირველ მსოფლო ომში. ასეთი მაგალითები ძალიან ცოტაა. ანუ, ევროპულ დიპლომატიაში ბევრი რამე „მოსულა“: დროის გაწელვა, სიმართლის ბოლომდე ართქმა – მე რომ ბოლომდე გულწრფელი ვიყო, ამას ჩემი მეგობარი სახელმწიფოც კი გამოიყენებს. ბევრი რამეა, რაც დიპლომატიაში მოსულა, მაგრამ არასდროს არ „მოსულა“ პარტნიორის „გადაგდება“, როდესაც თვალებში ატყუებ, ეუბნები, რომ „ეს თითრი კი არა, შავია“ და მოითხოვ, რომ ეს დაგიდასტუროს. საერთოდ არაფრის „კლასი“ არ აქვთ. პოლიტიკაში სრულიად გაუცნობიერებელი ადამიანები არიან. თითო ოროლა პოლიტიკოსი შესაძლოა, ჰყავთ, მაგრამ ისინი ხმას ვერ იღებენ: ეშინიათ, უმცირესობაში არ აღმოჩნდენ. არის სამი–ოთხი ადამანი, რომლებიც აზარტში არიან და თავის გატანა უნდათ“,– განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.


