
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს
19/05/2020 08:28:15 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდინარეობს.
"საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე" ანგარიში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა მოამზადა.
"ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ 8 მარტის შეთანხმება კანონად იქცეს და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები სრულად და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრული საქმეების გამო, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რამაც პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტებს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც აქვს აღებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშნვამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ბოლო ხანს, ევროპარლამენტის არაერთმა წევრმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ გააკრიტიკა პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრების გამო. ზოგიერთმა ევროპარლამენტარმა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს და გიორგი რურუას "პოლიტპატიმრებიც" კი უწოდა.
უგულავამ და ოქრუაშვილმა საპატიმრო 15 მაისს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეწყალების საფუძველზე დატოვეს.