
სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებენ, გამოძიება კი პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის მუხლით დაიწყო
19/05/2020 09:04:16 სამართალი
ქუთაისში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ გამოძიება პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მუხლით დაიწყო.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, მოქალაქე, რომელიც "კომენდანტის საათს" არღვევდა, პოლიციელების სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილა და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-მუხლით დაიწყო, რაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ წინააღმდეგობას და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლას გულისხმობს.
მიმდინარეობს ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები ინციდენტში მონაწილე, ძარცვისათვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ი.ჯ-ს ადგილსამყოფელის დადგენის და დაკავების მიზნით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლები, საგანგებო რეჟიმის აღსრულების მიზნით, კომენდანტის საათის დროს შემოვლას ახორციელებდნენ, რა დროსაც მათ ნიკეას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან შენიშნეს მოქალაქე, რომელიც არღვევდა კომენდანტის საათს. პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს და წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს. ი.ჯ.-მ არ გაითვალისწინა პოლიციის მითითება და სამართალდამცველებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ინციდენტში ჩაერთნენ ი.ჯ.-ს მეზობლები, რომლებმაც პოლიციელებს არ მისცეს საშუალება, დაეკავებინათ სამართალდამრღვევი, სამართალდამცველებს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც სხეულზე სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღეს პოლიციის თანამშრომლებმა“, - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ მოქალაქეები სამართალდამცველებს მოზარდზე ძალადობაში ადანაშაულებენ.