
ევროპარლამენტარები მხარეებს 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ და აღნიშნავენ, რომ არჩევნების გამჭვირვალედ ჩატარება მთავარი გამოწვევაა
19/05/2020 09:43:07 საგარეო პოლიტიკა
ევროპარლამენტში საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა გაიმართა.
"საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების შესრულების თაობაზე" ანგარიში ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე მომხსენებელმა სვენ მიქსერმა მოამზადა.
"ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას მოუწოდებს, უზრუნველყონ, რომ 8 მარტის შეთანხმება კანონად იქცეს და შეთანხმებით გათვალისწინებული პირობები სრულად და რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს. ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ბოლო პერიოდში აღძრული საქმეების გამო, რამაც ხელი შეუწყო მზარდი უნდობლობის კლიმატის შექმნას და გაამწვავა დაძაბულობა მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის, რამაც პოლიტიკისა და საზოგადოების პოლარიზაცია გამოიწვია. მოვუწოდებთ საქართველოს, პატივი სცეს სასამართლოს დამოუკიდებლობის უმაღლეს სტანდარტებს და მიუკერძოებელ სასამართლო პროცესს, რისი ვალდებულებაც აქვს აღებული ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. მოვუწოდებთ გადაიხედოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურა, რომ ახალი მოსამართლეების დანიშნვამდე ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულფასოვნად შესრულება უზრუნველყოფილი იყოს. მწუხარებას გამოვთქვამთ, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ბოლოდროინდელი შერჩევის პროცედურა სერიოზული ხარვეზების გამო დაზარალდა", - ნათქვამია დოკუმენტში.
ევროპარლამენტარის, უნგრელი დეპუტატის ანდრეა ბოკსორის განცხადებით, საარჩევნო შეთანხმება სრულად უნდა იყოს შესრულებული.
"იმისთვის, რომ წარმატებული თანამშრომლობა გვქონდეს, მათ უნდა მოვთხოვოთ ევროპულ გზაზე დადგომა, რეფორმების, დემოკრატიის, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემის კუთხით, რაშიც იგულისხმება კანონის უზენაესობა, კარგი მმართველობა, ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების დაცვა. კიდევ ერთი საკითხი, რაც მინდა, აღვნიშნო, არის შეთანხმება, რომელიც მმართველ ქართულ ოცნებას და ოპოზიციას შორის 8 მარტს გაფორმდა. რა თქმა უნდა, ის სრულად უნდა შესრულდეს. ჩვენ მკაფიო უნდა ვიყოთ არჩევნებთან დაკავშირებით - ძალიან მნიშვნელოვანია, განხორციელდეს საკონსტიტუციო ცვლილებები. მე მივესალმები, რომ პარლამენტი გეგმავს ამ ცვლილებას მაშინვე, როგორც კი საგანგებო მდგომარეობა მოიხსნება. ამიტომ, ამ ნაბიჯს განსაკუთრებით ველოდები. რა თქმა უნდა, საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიული, სამართლიანი, თავისუფალი უნდა იყოს და საქართველომ ეუთო–ს შენიშვნები გაითვალისწინოს", – განაცხადა ბოკსორმა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე და დასძინა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტი "დაძაბულობის განმუხტვისკენ გადადგმული პოზიტიური ნაბიჯია".
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტის წევრი მარინა კალიურანდიც პოზიტიურად აფასებს უგულავასა და ოქრუაშვილის გათავიუფლების ფაქტს და საქართველოს ხლისუფლებასა და ოპოზიციას თანამშრომლობის გაგრძლებისკენ მოუწოდებს:
"პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავას და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება არის პოზიტიური ნაბიჯი მხარეებს შორის პოლიტიკური ვნებათაღელვის შესამცირებლად. მოვუწოდებ ყველა მხარეს, ოპოზიციის ჩათვლით, გააგრძელონ კონსტრუქციული თანამშრომლობა წინასააღჩევნო პერიოდში”.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას დადებითად აფასებს, თუმცა აცხადებს, რომ საქართველოსთვის მთავარი გამოწვევა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება:
"თუ მოვლენები სწორი მიმართულებით განვითარდება, საქართველო შეუძლია, კარგი მაგალითი იყოს "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებისთვის, თუმცა მთავარი გამოწვევა საპარლამენტო არჩევნების თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარება იქნება”.
ევროპარლამენტარმა, ევროპის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა განაცხადა, რომ მიესალმება "ორი პოლიტპატიმრის –უგულავასა და ოქრუაშვილის გათავისუფლების ფაქტს, თუმცა კიდევ ერთი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება გათავისუფლებას":
"მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე გათავისუფლდა, ერთი მნიშვნელოვანი პოლიტპატიმარი გიორგი რურუა კვლავ ელოდება თავის გათავისუფლებას და მინდა, რომ ვკითხო ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურისა (EEAS) და სამეზობლოს და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წარმომადგენლებს, დგას თუ არა ეს საკითხი ჩვენთვის და რას ვაკეთებთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა პოლიტპატიმარი გათავისუფლდეს 8 მარტის შეთანხმების საფუძველზე".
ევროპარლამენტის წევრი ანა ფოტიგა მიიჩნევს, რომ გიორგი რურუას მიმართ არსებული ბრალი "ხელოვნურია და ის უნდა მოიხსნას":
"მივესალმები საქართველოს პრეზიდენტის მიდგომას უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით, თუმცა, მინდა აღვნიშნო გიორგი რურუა - ის დამოუკიდებელი ბიზნესმენი და მედიის მფლობელია. პოსტსაბჭოთა სივრცეში და ოპოზიციაში ყოფნის მთელი ჩემი გამოცდილებით, მე ვხედავ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ბრალდებები ყალბია. მას ეს ბრალდებები უნდა მოეხსნას. მე იმედი მაქვს, წინასაარჩევნო პერიოდი მშვიდობიანი იქნება და 8 მარტის შეთანხმება შესრულდება და თავისუფალი, სამართლიანი და წარმომადგენლობითი არჩევნები ჩატარდება".
ამასთან, მან ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენლობას მოუწოდა, "საქართველოს გაუწიონ როგორც ფინანსური, ისე ტექნიკური და პოლიტიკური მხარდაჭერა".
გამოსვლის დასასრულს მან ანაკლიის პორტის პროექტიც ახსენა:
„მსურს აგრეთვე ვახსენო ანაკლიის მიტოვებული პროექტი. COVID-19-ის კრიზისის შემდგომ პერიოდში შეიძლება საქართველოსთვის გამოსავალი იყოს ტრანსპორტირებისა და ვაჭრობის დამოუკიდებელი გზების შემდგომი მხარდაჭერა“.
როგორც საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე სიტვით გამოსვლისას ანგარიშის ავტორმა სვენ მიქსერმა განაცხადა, ევროპარლამენტი მხარს არ უჭერს ერთ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას, ის მხარს უჭერთ საერთაშორისო კანონებს:
"საქართველო არის ქვეყანა, სადაც გვაქვს გავლენა და იმას, რასაც ჩვენ ვამბობთ, აქვს ეფექტი. ამიტომ აუცილებელია, ვისაუბროთ იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, უნდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ როდესაც ამას ვაკეთებთ, როგორც ევროკავშირი, მნიშვნელოვანია, ნათლად იყოს გაგებული, რომ მხარს არ ვუჭერთ ერთ კონკრეტულ პოლიტიკოსს ან ერთ კონკრეტულ პარტიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო კანონების ძირითად პრინციპებს - სწორედ ამიტომ ვუჭერთ მხარს საქართველოს ტეროტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ასევე მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ლეგიტიმურ მისწრაფებას, მათ შორის, მათ სურვილს, დაუახლოვდნენ ევროპას და ევროკავშირის სტრუქტურებს. გასულ კვირას პრეზიდენტის შეწყალებამ უნდა მისცეს პოლიტიკურ ძალებს საშუალება მეტად მოხდეს მარტის ხელშეკრულების პირობების შესრულება. მიუხედავად Covid-19 გამო დაკარგული დროისა, სრულიად შესაძლებელია, რომ დროულად მოხერხდეს კონსტუტუციური ცვლილებები საარჩევნო რეფორმისთვის. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმებები განხორციელდეს გადავადების გარეშე".
კომიტეტის სხდომის მიწურულს დევიდ მაკალისტერმა კიდევ ერთხელ შეახსენა კოლეგებს, რომ პოლიტპატიმარი კვლავ გასათავისუფლებელია საქართველოში. ამ მიმართულებით ის ხედავს ევროკავშირის წარმომადგენლობის აქტიურობის საჭიროებასაც - „მოხარული ვიქნები, თუ ადგილზე ევროკავშირის წარმომადგენლობა იქნება აქტიური ასეთ საკითხებთან მიმართებით“.
ამასთან, რიგმა ევროპარლამენტრებმა სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მიერ Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლა "წარმატებულად" შეაფასეს.