გახარია – უგულავას და ოქრუაშვილის შეწყალებაზე: „ეს ჩემთვის მძიმეა“
19/05/2020 11:53:20 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ ოპოზიციურ ლიდერებს გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილს შეწყალება არ დაუმსახურებიათ, თუმცა პრეზიდენტს ამის უფლება ჰქონდა.
„ამ შეწყალებასთან დაკავშირებით უნდა იცოდეთ, რომ მე საერთოდ პოზიციებს არ ვიცვლი: ჩემთვის უკიდურესად მძიმეა, როდესაც ადამიანი, რომელიც 20 ივნისს შტურმით მიდიოდა პარლამენტზე, ამ შტურმში მონაწილეობდა, ან როდესაც ადამიანმა 50 მილიონი ბიუჯეტიდან მოიპარა, მხოლოდ და მხოლოდ იმის გათვალისწინებით, რომ ისინი პოლიტიკოსები, ან ვითომ პოლიტიკოსები არიან, მათ დაიმსახურეს რაღაც შეწყალება. ეს ჩემთვის მძიმეა. ძალიან კარგად მესმის ჩვენი რიგითი მოქალაქეების გაბრაზება, რომლებიც უყურებენ პრივილეგირებული პოლიტიკოსების კასტას, რომლების იმის გამო, რომ პოლიტიკური მანტია მოიცვეს, ასეთი მძიმე, კონკრეტული კრიმინალური დანაშაულების შემდგომ შეიწყალეს. თუმცა, რა თქმა უნდა, პრეზიდენტს შეწყალების სრული, ლეგიტიმური უფლება აქვს და ეს მისი კომპეტენციაა. ჩემთვის ამაზე საუბარი, ჩემი ემოციური პოზიციის მიუხედავად, მეორეხარისხოვანია, რადგან კიდევ ერთხელ ვიტყვი, არავის გეგონოთ, რომ კოვიდი დამარცხებულია, ქვეყნის ეკონომიკური აღორძინება გარანტირებულია, ეს ასე არ არის. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ მობილიზებული ვართ კოვიდის დასამარცხებლად, მეორე რიგში – ქვეყნის ეკონომიკური აღდგენისთვის და ასევე ამ ქვეყანაში არჩევნების წყნარ და მშვიდ ვითარებაში ჩასატარებლად. სამწუხარო ამ ყველაფერში არის ის, რომ ბატონები, რომლებმაც ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალური დანაშაული და არაფრით განსხვავდებიან რიგითი მოქალაქეებისგან, აბსოლუტურად დაუმსხურებლად გამოვიდნენ და იმის მაგივრად, რომ ქვეყანას გვერდით დაუდგნენ, ამასაც პოლიტიკური სპეკულირებისთვის გამოიყენებენ, იმისთვის, რომ პარლამენტში თბილი ადგილებისთვის იბრძოლონ და არ დაინდობენ ქვეყნის ინტერესებს, ათასნაირ სულელურ შეფასებას მისცემენ ამ ყველაფერს. საბოლოო ჯამში კი, ამას გამოიყენებენ პოლიტიკური, ვიწრო, პირადი ინტერესებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის: პრეზიდენტმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსების ერთი ნაწილის მოწოდება საარჩევნო საკითხებზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს მიღწეული შეთანხმების სრულად დაცვის და პოლიტპატიმრების გათავისუფლების შესახებ.
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ უგულავა და ოქრუაშვილი არც პოლიტპატიმრები არიან და არც უდანაშაულონი, მაგრამ მათი შეწყალება გადაწყვიტა, რათა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს კონსტიტუციასა და საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა და საფრთხე არ შეექმნას სამართლიანი და მშვიდი არჩევნების ჩატარებას და ქვეყნის სტაბილურობას.


