
რატომ იხსნება აფხაზეთში შეზღუდვები ეპიდვითარების გაუარესების ფონზე
19/05/2020 13:05:11 კონფლიქტები
გასული დღე-ღამის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირების დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და ამ დროისთვის 24-ს შეადგენს. მოსახლეობის კორონავირუსისგან დაცვის ოპერატიული შტაბის ცნობით, ტესტირება დღე-ღამის განმავლობაში სულ 88 მოქალაქემ გაიარა და მათგან ოთხს ვირუსი დაუდასტურდა. ოთხივეს გუდაუთის ჰოსპიტალში გადაიყვანენ სამკურნალოდ.
მთელი ამ დროის განმავლობაში გარდაცვლილია ერთი, გამოჯანმრთელებულია ორი პაციენტი.
ინფიცირების ყველა შემთხვევა იმპორტირებულია რუსეთიდან. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვან ჯგუფს რუსეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების სამშობლოში დაბრუნებული კურსანტები შეადგენენ. ინფიცირებულთა შორისაა გუდაუთაში მდებარე მე-7 რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეც, რომელიც აფხაზეთში დაღესტნიდან ჩავიდა. იგი ამჟამად ბაზაზევე მკურნალობს.
სოხუმის ხელისუფლების ინფორმაციით, მარტო სამი დღის (14-17 მაისი) განმავლობაში რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში 453 პირი შევიდა: აფხაზეთის 188 “მოქალაქე”, მათ შორის – კურსანტები, 53 რუსი სამხედრო და 212 მძღოლი (ტვირთების გადაზიდვაზე სოხუმს შეზღუდვები არ შემოუღია).
მიუხედავად ამისა, რუსეთ-აფხაზეთის დე ფაქტო საზღვარზე არსებულ გამტარ პუნქტებზე სამედიცინო ბრიგადების მუდმივი მორიგეობა ამ დრომდე არ დაწესებულა. დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, იგი მხოლოდ 1 ივნისისთვის იქნება ორგანიზებული, ჯერ-ჯერობით კი მხოლოდ დროდადრო ხორციელდება.
ოპერატიული შტაბი ეპიდემიოლოგიური ვითარების შესამჩნევ გაუარესებას უსვამს ხაზს და მოსახლეობას მოუწოდებს, კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმი განუხრელად დაიცვას.
ამ ფონზე ბევრ ადგილობრივს პარადოქსულად ეჩვენა დე ფაქტო ხელისუფლების ამასწინანდელი გადაწყვეტილება მთელი რიგი საკარანტინო შეზღუდვების გაუქმების თაობაზე. სოციალური ქსელის აფხაზურ სეგმენტში არაერთი მომხმარებელი გამოხატავს გაოცებას იმის გამო, რომ ინფიცირების პირველი შემთხვევების დადასტურებამდე ოკუპირებულ რეგიონში გაცილებით მკაცრი კარანტინი მოქმედებდა, ახლა კი, როცა ოპერატიული შტაბი ეპიდემიოლოგიური ვითარების “შესამჩნევ გაუარესებაზე” მიუთითებს, სოხუმმა შეზღუდვების უმრავლესობის მოხსნა გადაწყვიტა (ძალაში რჩება ფაქტობრივად, მხოლოდ დე ფაქტო საზღვრების ჩაკეტილობა და მასობრივი ღონისძიებების, მათ შორის ტურისტული და საექსკურსიო საქმიანობის, თეატრებისა და მუზეუმების მოქმედების აკრძალვა).
ნაწილობრივ შესაძლოა, ამას უკავშირდებოდეს ოკუპირებულ რეგიონში იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა, რომელთაც კორონავირუსისა და პანდემიის არსებობის არ სჯერათ.
ამ ნარატივის გავრცელებას ხელს უწყობს ანონიმი მომხმარებლების მიერ სოცქსელებში სხვადასხვა სახის შეთქმულების თეორიების ტირაჟირებაც. ერთ-ერთი ბოლო მსგავსი ვერსია ასე ჟღერს: “მოსკოვში რუსეთისა და აფხაზეთის პრეზიდენტების შეხვედრისას ვლადიმირ პუტინმა აცნობა ასლან ბჟანიას, რომ სანამ აფხაზეთში კორონავირუსით დაავადებულთა საკმარისი რაოდენობა არ გამოვლინდება, ვერანაირ მატერიალურ დახმარებას რესპუბლიკა ვეღარ მიიღებს”. მის ფეისბუქ-ლობისტებს ერთ-ერთ “არგუმენტად” ის ფაქტი მოჰყავთ, რომ მართალია, ოფიციალური ინფორმაციით, არანაირი შეხვედრა მოსკოვში არ ყოფილა, მაგრამ დე ფაქტო პრეზიდენტისა და მისი თანმხლები პირების რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ აფხაზეთში კოვიდ-ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა გაიზარდა.
კორონვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის ზომები განიხილებოდა გასული კვირის ბოლოს ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან ვიდეო-კონფერენციის დროსაც. დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ თანათავმჯდომარეებს გუდაუთის რაიონული საავადმყოფოსთვის ტომოგრაფის შეძენაში დახმარების თხოვნით მიმართა. მხარეები შემდეგი კონტაქტის ივლისის დასაწყისში ჩატარებაზე შეთანხმდნენ.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ ოკუპირებული რეგიონისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევას აპირებს ერთ-ერთი კორეული არასამთავრობო ორგანიზაცია - “Global Honors Network”. რა გზით და რის საფუძველზე – ოფიციალური თბილისი ამჟამად არკვევს. საქართველოს ელჩი სამხრეთ კორეაში ოთარ ბერძენიშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მესამე ქვეყნის შუამავლობით იგეგმებოდეს.