
პრეზიდენტი – სენატორების განცხადებებზე: "ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი და მაქვს უფლება ყველას მოვთხოვო, თავის თავში გამონახოს თავშეკავება"
19/05/2020 18:25:26 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ სენატორი რიში, რომელმაც ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილთან მიმართებაში სიტყვა "პოლიტპატიმარი" ახსენა, ცუდად ინფორმირებულია.
როგორც პრეზიდენტმა "ღამის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუში აღნიშნა, საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო მეტად ინფორმირება და ამაში ყველა ერთად უნდა ჩაერთოს.
"შეიძლება, ზოგ შემთხვევაში ეს ნიშნავდეს, რომ ჩვენი დიპლომატები საკმარისად არ მუშაობენ. გამოცდილმა დიპლომატმა იცის, რომ დიპლომატიურად ყველაფრის გაკეთება არ შეიძლება, როცა შენ რომელიმე საელჩოს ელჩი ან თანამშრომელი და ხარ გართული ძალიან ბევრი, სხვადასხვა მიმართულებით. ყველაფერს ვერ ფარავ, მით უმეტეს მაშინ, როცა პატარა ქვეყანა ხარ და, მით უმეტეს, კორონავირუსის კრიზისის დროს. ერთის მხრივ, კოვიდია, მეორეს მხრივ, ემიგრანტების დაბრუნების საკითხები და კიდევ ამ ვიღაც სენატორების თუ პარლამენტარების გამონათქვამები, ეს ერთ წუთში არ იცვლება. ეს ყველას გასაკეთებელია და არა მხოლოდ საელჩოების. იგივე ჩემი, მეტი შეხვედრები და მეტი აქტიურობა", – განაცხადა პრეზიდენტმა.
კითხვაზე, ხომ არ ჰქონია ამერიკელ კანონმდებლებთან კონტაქტი, პრეზიდენტმა შემდეგი განაცხადა:
"არ მქონია არანაირი პირადი კომუნიკაცია, რადგან ეს არ არის ჩემი დონე. თუ არ შევხვდები კონფერენციაზე ან სხვა მსგავს პირობებში, მაგრამ მე ვაპირებ, რომ ძალიან კატეგორიულად, მაქვს ამისი ყველანაირი უფლება, რადგან მე ვითამაშე საკმაოდ დამაწყნარებელი როლი, ყველას მოვთხოვო, რომ თავისი მხრიდანაც გამონახოს თავის თავში თავშეკავება და ეს იქნება აუცილებელი. ამას მივყვები, ეს იქნება "ტვიტერის" პასუხებით თუ პირადი კონტაქტებით".