
პრეზიდენტი - შეწყალებაზე: "მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია"
19/05/2020 17:30:08 საგარეო პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების შედეგად სასიამოვნოს არაფერს ელოდა საზოგადოებისგან და იგი რომ რიგითი მოქალაქე ყოფილიყო, შესაძლოა ,ნაწილობრივ ვერც გაეგო პრეზიდენტის გადაწყვეტილება.
"სასიამოვნო ამ სიტუაციიდან არაფერს არ ველოდი მართალი, რომ გითხრათ. რაც ვნახეთ სხვადასხვა სოციალურ ქსელში გასაგებია. ჩემთვის ძალიან გასაგებიც არის იმიტომ, რომ ახლობელს ვეუბნებოდი, მე რომ ვყოფილიყავი რიგითი მოქალაქე, მექნებოდა მძაფრი ემოციური რეაქცია ასეთ გადაწყვეტილებაზე და მეც, ალბათ, ნაწილობრივ ვერ გავიგებდი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, შეწყალების გადაწყვეტლება დამოუკიდებლად მიიღო, მაგრამ ამის შესახებ წინასწარ ამცნო პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარესა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს:
"მე კითხვის ფორმით კი არ მივმართე, მინდოდა რომ გადაწყვეტილება ცნობილი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ეს არის ნორმალური ქვეყნის მართვის ფორმა. არ შეიძლება, რომ უცებ სურპრიზები შეაგდო და ყველა უნდა იყოს გაფრთხილებული".
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება სრულიად დამოუკიდებლად მიიღო და "ოცნების" თავმჯდომარისგან პასუხად მიიღო: "თქვენი გადაწყვეტილება არისო".
სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციის ლიდერები, გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ის არ იწყალებს პოლიტპატიმრებს, რადგან ისინი ქვეყანას არ ჰყავს და ეს შეწყალება ჩვეულებრივ ჰუმანურ პრინციპებს არ ეფუძნება. მისი განმარტებით, გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ქვეყანა პოლიტიკური კრიზისის წინაშე იდგა და პრეზიდენტი ვერ დაუშვებდა პოლიტიზაციასა და დაპირისპირებას.