ვაშაძე – სააკაშვილზე: „საქართველოზე განცხადებებს ისე ლაღად ვეღარ გააკეთებს“
20/05/2020 19:08:50 პოლიტიკა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, უკრაინის სახელისუფლო პოზიციაზე მყოფ ადამიანს საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვები აქვს და აქედან გამომდინარე, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ისე ლაღად ვეღარ გააკეთებს განცხადებას, როგორც ამას ადრე აკეთებდა“.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი ჩვენს პოლიტიკაში უზარმაზარი ფაქტორია. ვის რა შენიშვნები და პრეტენზიები არ უნდა ჰქონდეს მასთან, 2003 წლიდან 2012 წლამდე მიღწეულ შედეგებს საქართველოს იმჟამინდელ ხელისუფლებას ვერავინ წაართმევს. ეს როლი საქართველოს პოლიტიკასთან მიმართებით შეზღუდული იქნება, იმიტომ, რომ უკრაინის სახელისუფლო პოზიციაზე მყოფ ადამიანს აქვს საერთაშორისო სამართლებრივი შეზღუდვები. ისეთი თავისუფლებით, ისეთი შემართებით და ისე ლაღად, როგორც საქართველოზე ადრე აკეთებდა განცხადებებს, ახლა ვეღარ გააკეთებს. იმიტომ, რომ მშვენივრად ესმის რა ვალდებულებები იკისრა. ეს უკვე კერძოდ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები კი არ იქნება, ეს იქნება უკრაინის ხელისუფლების განცხადებები. ამიტომ, ნაკლები დოზით ვიხილავთ ფორმალურ ნაწილში. არაფორმალურ ნაწილში კი ყოველდღე ველაპარაკები, დღეგამოშვებით ყოველ შემთხვევაში. მისი აზრი მაინტერესებს“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი რეფორმების ეროვნულ საბჭოში აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა


