კილაძე – შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ცვლილებებზე: "რა თქმა უნდა, გარკვეული საფრთხეები არსებობს“
21/05/2020 07:21:36 პოლიტიკა
ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე აცხადებს, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები გარკვეულ საფრთხეებს მოიცავს, თუმცა ირწმუნება, რომ პარლამენტი ამ რისკებს დააზღვევს. საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, მთავრობა მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე იტოვებს. ცვლილებებს პარლამენტი დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს
"რა თქმა უნდა, უნდა ამ კანონთან დაკავშირებით, არსებობს გარკვეული საფრთხეები, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ცუდი ხელისუფლების პირობებში საფრთხე კიდევ უფრო იზრდება და ჩვენ პარლამენტი იმისთვის ვართ, რომ ყველანაირი რისკი დავაზღვიოთ არა მხოლოდ იმ შემთხვევისთვის, როცა ჩვენ ვართ ხელისუფლებაში, არამედ იმ შემთხვევისთვისაც, თუ ისეთი ხელისუფლება მოვიდა, სადაც შეიძლება გაიზარდოს რისკები კანონის ბოროტად გამოყენების. ჩვენ ვმუშაობთ ერთი მხრივ, კანონპროექტის დახვეწაზე, მეორე მხრივ – ვფიქრობ, რომ ამ ახალი კანონპროექტის რისკების დაზღვევის ყველაზე კარგი საშუალებაა საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება, რომ პარლამენტმა გამოიყენოს ყველა ბერკეტი. იმ შემთხვევისთვის, თუ ვნახავთ, რომ რაიმე საფრთხე შეიქმნა, საპარლამენტო კონტროლით ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ვფირობთ, ეს წარმოდგენილი კანონპროექტი შეიძლება, იყოს შუალედური ვარიანტი იმისთვის, რომ ერთი მხრივ, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა, რადგან პანდემია არსად წასულა და მეორე მხრივ – ჩვენ უნდა მივცეთ საშუალება ეკონომიკას ამუშავდეს და ადამიანები დაუბრუნდნენ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ძალიან იშვიათად მახსოვს რომელიმე კანონპროექტი, რომ ოპოზიციას დაეჭირა მხარი. ჩვენ ამას მიჩვეულები ვართ, რა კანონიც არ უნდა შემოვიტანოთ ოპოზიციას ყოველთვის ერთი და იგივე პასუხი აქვს, ამიტომ მგონი ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, ჩვენთვის მთავარია რას იტყვის საზოგადოება,"- განაცხადა სოფიო კილაძემ.
ცვლილებები პარლამენტმა 23 მაისამდე უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჩერდება. პირველი განხილვა 19 მაისს უკვე შედგა, რამაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მთავრობისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხის შემცველად თვლიან.


