Accentnews.ge
ომბუდსმენი – შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ცვლილებებზე: „კონსტიტუციური სტანდარტები ასახული არაა“

ომბუდსმენი – შემზღუდავი ღონისძიებების შესახებ ცვლილებებზე: „კონსტიტუციური სტანდარტები ასახული არაა“

21/05/2020 11:00:11 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებლ ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტს შენიშვნები და მოსაზრებები წარუდგინა.საუბარია ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც, მთავრობა მთელი რიგი შემზღუდველი ღონისძიებების გატარების უფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე იტოვებს. ცვლილებებს პარლამენტი დღეს რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განიხილავს

როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არაა.

ომბუდსმენის აზრით, მნიშვნელოვანია, კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს.

„სახალხო დამცველი სრულად აცნობიერებს პანდემიის დროს ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით გარკვეული შეზღუდვების შემოღების საჭიროებას, თუმცა ამ შეზღუდვას თავისი კონსტიტუციური სტანდარტები აქვს, რაც კანონპროექტში ასახული და გათვალისწინებული არ არის. შესაბამისად, სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, თუ რა კრიტერიუმები და სტანდარტები უნდა იქნეს კანონპროექტში გათვალისწინებული იმისათვის, რომ უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს.

"სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში. ამ საკითხების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში მივიღებთ არაკონსტიტუციურ რეგულირებას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის წერილობით მოსაზრებაში.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობასაც.

„პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით)“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ცვლილებები პარლამენტმა 23 მაისამდე უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს. 23 მაისიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა ჩერდება. პირველი განხილვა 19 მაისს უკვე შედგა, რამაც ოპოზიციის მხრიდან კრიტიკის ფონზე ჩაიარა. ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცვლილებებს არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ და მთავრობისთვის მნიშვნელოვნად გაზრდილი უფლებამოსილების მინიჭებას საფრთხის შემცველად თვლიან.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S