კალაძე – პოლარიზებაზე: „ერთმანეთს ომს ხომ არ გამოვუცხადებთ?!“
21/05/2020 11:34:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი კახა კალაძე ოპოზიციას კორექტურობისკენ მოუწოდებს. ასე გამოეხმაურა კალაძე მისი თანაგუნდელის ირაკლი კობახიძის ოპიზიციისადმი შეფასებას.
კითხვას, მსგავსი განცხადება ხომ არ უწყობს ხელს პარტიებს შორის პოლარიზებას, კალაძემ უპასუხა: „ომს ხომ არ გამოვუცხადებთ ერთმანეთს. ზოგადად, მივესალმები იმას, რომ გარკვეული მიმართულებით შეიძლება, ბევრ რამეში არ ვთანხმდებოდეთ და ბევრ საკითხზე განსხვავებული მოსაზრებები გვქონდეს, თუმცა, განსაკუთრებით ოპოზიციის მხრიდან, როდესაც ამ ვითარებაში აბსურდულ განცხადებებს ვისმენდით, ძირითადად მიდიოდა შემოტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ფრონტის წინა ხაზზე იყო და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოებას იცავდა. მახსოვს მათი განცხადებები. შესაბამისად, გამიჭირდება ჭკუა დავარიგო ოპოზიციას, თუმცა მინდა მოვუწოდო, რომ მაქსიმალურად კორექტულები ვიყოთ“, - განაცხადა კალაძემ.
ცნობისათვის, ირაკლი კობახიძემ „პოსტივის" ეთერში განაცხადა, რომ "ასეთი გოიმური ოპოზიციური სპექტრი საქართველოს ისტორიაში არ ახსენდება". მოგვიანებით კობახიძემ დაამატა, რომ „გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი - ოპოზიცია გოიმურად გამოიყურება, გოიმურად იქცევა და ამის გამო ისინი საზოგადოებისგან მიიღებენ პასუხს“. თავის მხრივ გიგა ბოკერიამ გამოთქვა მოსაზრება, „მგონი, ირაკლი კობახიძე ცდილობს, უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის“.


