
„ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ საბანკო სესხები ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრამდე გადაუვადდეს
21/05/2020 14:52:19 საშინაო პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა" მოითხოვს, რომ საბანკო სესხები ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრამდე გადაუვადდეს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა,
„ბატონმა გახარიამ თქვა, რომ საბანკო სესხებს მე სამი თვით გადავუვადებ ორ კატეგორია მოსახლეობისას მხოლოდო. ვისაც უკვე ვეხმარებით ჩვენი ანტიკრიზისული გეგმით და ვინც სამსახური დაკარგაო. ძალიან დიდი ტყუილი, ხალხო. არც ერთ ადამიანს ამ ქვეყანაში 1 თეთრის დახმარება არ მიუღია და მეტიც, მსოფლიოში საქართველოს ხელისუფლება არის ერთადერთი, ვინც არანაირი დახმარება არ აღმოუჩინა არავის. ვინც სამსახური დაკარგა, მას გადავუვადებთ მხოლოდ სამი თვითო, ეს რას ნიშნავს - კვლავ არის ზურგშექცეული თვითდასაქმებულები, რომლებიც შეადგენს 600 000. საქართველოს 600 000 მოქალაქეს, რომელიც თვითდასაქმებულია და არ ეხმარებით, დაკარგული აქვს სამსახური, მათ ეუბნებით, რომ საბანკო კრედიტებს არ გადაუვადებთ? ან რას ვეუბნებით იმ ადამიანებს, ვისაც არასდროს ჰქონია შემოსავალი, ბატონო გახარიავ? არ ჰქონიათ ბოლო რამდენიმე წელია და თავს ირჩენენ საზღვარგარეთიდან ნათესავების გამოგზავნილი ფულით, რომელსაც ვეღარ უგზავნიან, შესაბამისად, ამ ხელს ჩვენ ვეუბნებით, რომ არც კი გელაპარაკებითო?! ჩვენი კატეგორიული მოთხოვნა რჩება უცვლელი - უნდა შეეხოს საბანკო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმის დაწესება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს სექტემბრის თვემდე“, – განაცხადა მელიამ.
დღეს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საბანკო გადასახადები გარკვეული ჯგუფისთვის კიდევ სამი თვით გადავადდება.
„ყველა მოქალაქეს, რომელმაც დაკარგა სამსახური და რომელსაც სახელმწიფო სოციალური დახმარების ფარგლებში ანტიკრიზისული გეგმის შესაბამისად ეხმარება, სამი თვით ავტომატურად გადაუვადდება სესხი. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებსაც შეუმცირდა შემოსავალი, სურვილის შემთხვევაში მიმართავს ბანკს და გადაუვადება სესხი, პროცენტის კაპიტალიზაციის გარეშე“,- აღნიშნა გახარიამ.
მოგვიანებით, საბანკო ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია, ვინ ისარგებლებს სესხების კიდევ 3 თვით გადავადებით.