"ევროპული საქართველო“ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნას და18 მილიონ ლარზე მეტი ჯარიმის ჩამოწერას მოითხოვს
22/05/2020 11:12:36 პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" მთავრობას მოუწოდებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი გახსნას, რათა მოქალაქეებმა სამსახურებში სიარული შეძლონ. ამასთან, პარტიამ დღეს კიდევ ერთი მოთხოვნა დააყენა – ჩამოიწეროს ჯარიმები.
"გუშინ ივანიშვილის გუნდის ფენომენალური პოლიტიკური სიბრიყვის ტოლფასი ახსნების მოსმენის შემდეგ, მანქანებზე, ამ პარლამენტის და ამ გუნდისთვისაც კი გამორჩეულად საოცარი სისულელეები იყო იქ ნათქვამი, თუ რატომ უნდა იყოს შეზღუდვა. დღეს პრემიერ-მინისტრმა გახარიამ და ბატონმა ვოლსკიმ აღიარეს, რომ პოლიტიკური ფრონტი გაგვიხსნეს და "ევროპული საქართველო" დაწინაურდაო და ამ წნეხის ქვეშ ეს აბსურდული შეზღუდვა მოხსნეს, მაგრამ დატოვეს, ტაქსებზე კიდევ რაღაც შეზღუდვები. ჯარიმების გარდა, მეორე საკითხი არის ეკონომიკის გახსნა. მოქალაქეების ჩვეულებრივ ცხოვრებაში დაბრუნება, ვერ მოხდება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მუშაობს. ეს ნიშნავს იმას, რომ გაჭირვებულ ადამიანებს და საშუალო კლასს, არ შეეძლება საკუთარ ოჯახებზე ზრუნვა, ნორმალურად მუშაობა, რომ შიმშილის ზღვარზე არ დადგნენ. ამიტომ სწრაფად არის დასაწყები საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნა, გონივრული შეზღუდვებით. ამის გარეშე ვერ მოხდება ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნება. მოუწოდებთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გონივრული შეზღუდვებით გახსნისკენ", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის კიდევ ერთმა წევრმა სერგი კაპანაძემ კი განაცხადა, რომ ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფი მოსახლეობა, ჯარიმების გადახდას ვერ შეძლებს:
"დღეს მოვისმინეთ მთავრობისგან, რომ რამდენიმე აბსურდული შეზღუდვა, მათ შორის კომენდანტის საათი და მანქანებში მგზავრების რაოდენობის შეზღუდვა, მოიხსნა. ეს არის დაგვიანებული ნაბიჯი. რა თქმა უნდა მომავლისთვის კარგია, მაგრამ დაგვიანებულია. ამას არანაირი ეფექტი არ ჰქონია, მათ შორის არც ჯანდაცვაზე, თუმცა მოიტანა ძალიან ბევრი უარყოფითი ეფექტი ეკონომიკური თვალსაზრისით, მათ შორის ადამიანებისთვის, რომლებიც ოჯახის წევრებთან ერთად ნორმალურად ვერ გადაადგილდებოდნენ. ამ პერიოდის განმავლობაში ძალიან დიდი პრობლემა იყო ის ჯარიმები, რომელიც ამ შეზღუდვებზე იყო დაწესებული. 4 ათასზე მეტი ადამიანი იქნა დაჯარიმებული კომენდანტის საათის დარღვევისთვის და 1 700-ზე მეტი იქნა დაჯარიმებული მანქანაში შეზღუდვების გამო. ჯამში თანხები, რომელიც დააწერა მთავრობამ მოსახლეობას ჯარიმების თვალსაზრისით, აღემატება 18 მილიონ ლარს. ეს საკმაოდ დიდი ჯარიმებია და მოქალაქეებს მათი გადახდის საშუალება არ აქვთ. ამიტომ "ევროპული საქართველო" მოუწოდებს მთავრობას, რომ ახლა ეს ჯარიმები ჩამოაწეროს მოსახლეობას და ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს არ დააკისროს ამ აბსურდული ჯარიმების გადახდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს".


