პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა პროექტი, რომლითაც საპატრიარქოსთვის ტყის მასივის გადაცემა შესაძლებელი ხდება
22/05/2020 11:53:23 პოლიტიკა
პარლამენტმა მესამე მოსმენით (79 მომხრე და არც ერთი წინააღმდეგი) „ტყის კოდექსის“ პროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებებით საპატრიარქოსთვის ტყის ფართობების გარკვეული ნაწილი საკუთრებაში გადაცემა შესაძლებელი ხდება.
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში შეიძლება გადაეცეს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული მართლმადიდებლური ეკლესია-მონასტრების მიმდებარე ტყის ფართობი, თითოეულის შემთხვევაში 20 ჰექტრამდე და საქართველოს ტყის კოდექსით განსაზღვრული მიჩენილი ტერიტორიები.
პროექტის მიხედვით, ეკლესიისთვის ტყის ფართობის გადაცემა შეიძლება განხორციელდეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი განაცხადის საფუძველზე და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შუამდგომლობით. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს მეორე მოსმენით აქვს დამტკიცებული.
ცვლილებები კითხვებს უჩენს არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას.
„ვინაიდან ბოიკოტის რეჟიმში ვიყავით, „ტყის კოდექსის“ განხილვებს ჩვენ არ დავსწრებივართ, თუმცა დადასტურებულად შემიხლია გითხრათ, ჩვენი ერთობლივი პოზიცია არის, რომ ამ ეტაპზე ამ კანონპროექტის განხილვის აუცილებლობა, განსაკუთრებით, დაჩქარებული წესით, ნამდვილად არ იყო. ახლა ეპიდგამოწვევიდან გამომდინარე, საპარლამენტო უმრავლესობა, უპირველეს ყოვლისა, პრობლემებზე უნდა ზრუნავდეს. კონკრეტული კითხვები რჩება, ხომ არ მოხდა ამ კანონპროექტის წინასაარჩევნოდ და წინასაარჩევნო მოცემულობებიდან გამომდინარე მიღება. ეს არ იყო ის დრო და მომენტი, როცა მთავარი საკანონდმებლო ორგანო უნდა აიღებდეს ამ კანონს. „ტყის კოდექსზე“ მუშაობა მრავალი წელია მიმდინარეობს, ახლა ეს კანონი რატომ მიიღეს, რა თქმა უნდა, ბადებს კითხვებს, რომელიც მხოლოდ ჩვენ არ გაგვაჩნია", - განაცხადა ენმ–ის წევრმა თინა ბოკუჩავამ.
ადამიანის უფლების სწავლებისა ცენტრის წევრის თამთა მიქალაძე აცხადებს, რომ ცვლილებები მნიშვნელოვანია, თუმცა საპატრიარქოსთან დაკავშირებული ჩანაწერი – პრობლემატური:
"ჩანაწერი, რომელიც ექსკლუზიურად მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაკავშირებით გაჩნდა, აშკარად პრობლემურია: ლეგიტიმური მიზანი გაუგებარია – რაიმე მსგავს პირობას საკონსტიტუციო შეთანხმება არ ითვალისწინებს; დისკრიმინაციულია, ვინაიდან გამოარჩევს მართლმადიდებლურ ეკლესიას; სოციალურ კონფლიქტებს შექმნის – ადგილობრივ გლეხებს აქვთ ტყის რესურსები, საძოვრები. მსგავსი კონფლიქტები იყო და ეს ჩანაწერი გლეხების სოციალურ ინტერესს დააზარალებს".


