Accentnews.ge
პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომელიც შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე ითვალისწინებს

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო პროექტი, რომელიც შეზღუდვების დაწესებას საგანგებო მდგომარეობის გარეშე ითვალისწინებს

22/05/2020 14:40:31 პოლიტიკა

პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას აძლევს, მესამე მოსმენით დაამტკიცა.

რეგისტრაცია გაიარა 94-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 81-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი არც ერთი იყო.

ცვლილებები დღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მეორე და მესამე მოსმენით განიხილეს.

პირველი მოსმენის შემდეგ შესული რედაქტირებით, ცვლილებები 15 ივლისამდე იმოქმედებს.

დოკუმენტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებების ფარგლებში, შეიძლება შეიზღუდოს: საჯარო დაწესებულებების საქმიანობის უფლება; პირთა მიმოსვლის (გადაადგილების) უფლება; საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება; ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წარმოდგენილი პროექტით სრულიად გამორიცხულია ამ პროცესში პარლამენტის მონაწილეობა, საკარანტინო ღონისძიებებს მთავრობა პარლამენტის გარეშე განსაზღვრავს და ადამიანის უფლებათა შეზღუდვა, ყოველგვარი დამატებითი კონტროლისა და პროცედურების გარეშე, მთავრობის კომპეტენცია ხდება.

კანონპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, ცვლილებების მიზანია არსებობდეს ისეთი ღონისძიებების გატარების შესაძლებლობა, რომლებიც სახელმწიფოს მისცემს ბერკეტებს, დაავადებას სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდეს.

„კანონპროექტის მიღებით ქვეყნის შესაბამის უწყებებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც გააგრძელონ ეფექტიანი ბრძოლა კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული ეპიდემიის/პანდემიის წინააღმდეგ და კვლავ გაატარონ ყველა ის აუცილებელი ორგანიზაციული, სამართლებრივი და სხვა სახის ღონისძიება, რომელიც შექმნილი ვითარების გამკლავებისკენ იქნება მიმართული“, - ნათქვამია დოკუმენტში.

კანონპროექტის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.

პროექტი ძალაში პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ შევა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S