„ქართული ოცნების“ დეპუტატის მეუღლე უვადო მოსამართლედ განწესდა

22-05-2020 18:47:59 პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის დავით მათიკაშვილის მეუღლე ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უვადო მოსამართლედ განწესდა.

შესაბამისი გადაწყვეტილება კენჭისყრის შედეგად იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ცოტა ხნის წინ მიიღო.

ცნობისთვის: მანამდე ნინო მამულაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში სამწლიანი გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული.

მამულაშვილთან დაკავშირებით ეჭვები გაჭქვეს საბჭოს არამოსამართლე წევრებმა.

„ნინო მამულაშვილი, რომელიც გახლავთ დავით მათიკაშვილის, პარლამენტის წევრის მეუღლე, გარკვეულ კითხვებს აჩენს, რადგან იგი მოსამართლე გახდა 2017 წელს გაზაფხულზე, მაშინ როდესაც მისი მეუღლე უკვე იყო საქართველოს პარლამენტის წევრი. საინტერესო გარემოება გახლავთ, რომ ნინო მამულაშვილი რამდენიმე წლის განმავლობაში ცდილობდა, გამხდარიყო მოსამართლე, დაახლოებით სამი მცდელობა ჰქონდა, თუმცა საბჭო ეუბნებოდა უარს. რატომღაც მას შემდეგ, რაც მისი მეუღლე გახდა პარლამენტის წვერი, ნინო მამულაშვილი გახდა მოსამართლე და ეს თარიღები საკმაოდ სერიოზულ კითხვის აჩენს. იცით, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ძალიან სერიოზულად არის დასმული საკითხი საქართველოს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, ინდივიდუალური მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არაერთ საქმეზე, ამას გამოხმაურება მოყვა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, ასოცირების დღის წესრიგთან დაკავშირებით მომზადებული ანგარიშის სამუშაო ვერსიაში“, – განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

როგორც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ აღნიშნა, კლანსტერი, რომელიც მართავს საქართველოს სასამართლო სისტემას, აგრძელებს მართვას მხოლოდ იმ მიზნით, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება.

„მთავარი დღის წესრიგი, რომელიც აქვს ამ კლასტერს არის საკუთარი თავის გამაგრება. ნინო მამულაშვილის საკითხი არის იმ დიდი ტენდენციის ნაწილი, რომელსაც მანამდე ვხედავდით, კლანსტერი და საქართველოს პარლამენტის უმრავლესობა შეთამაშებულად თამაშობს. მათ საერთოდ არ ადარდებთ რას იტყვის ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი“, – განაცხადა ანა დოლიძემ.

„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ეკა ბესელია აცხადებს, რომ სასამართლო ხელისუფლებაში არსებული „კლანი“ ამ გზით გამოხატავს მადლიერებას მათიკაშვილის მიმართ, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო. საუბარია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებისადმი მხარდაჭერაზე.

ბრალდებებს უარყოფენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში.

„კონკურსი არის კონკურენცია და ხდება საუკეთესოს შერჩევა, შესაბამისად, არანაირი კავშირის არ შეიძლება მოიძებნოს მოსამართლეობასა და მეუღლის საქმიანობასთან“,– განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები