
ტრეიდერები ევროპაში გაზის უარყოფით ფასებს პროგნოზირებენ
25/05/2020 11:43:26 მსოფლიო, ეკონომიკა
საკარანტინო შეზღუდვების ფონზე დაბალი მოთხოვნისა და განახლებადი წყაროების მიწოდებების ზრდის გამო ევროპაში გაზის ფასები სწრაფად ეცემა. ევროპული ბაზარი გადავსებულია, გაზის საცავები თითქმის შეივსო, - იუწყება “Reuters".
მის მიერ გამოკითხული ტრეიდერების ნაწილი თვლის, რომ გაზის ევროპული კონტრაქტების ღირებულება 30–31 მაისისთვის ნულამდე დაეცემა, ან შესაძლოა, უარყოფით ნიშნულებსაც მიაღწიოს.
22 მაისს გაზის ევროპულ ეტალონურ ბაზარზე, ჰოლანდიურ TTF ჰაბში შემდეგ დღეს მიწოდების პირობით კონტრაქტის ღირებულებამ 20%-ით - ახალ ისტორიულ მინიმუმამდე (1 მგვტ/სთ-ში €2,50, ანუ ათას კუბურ მეტრში $26,4-ზე ნაკლები) დაიკლო, - იუწყება РБК.
"თუ საცავების გადავსებამდე შეთავაზებები ასეთივე მაღალი დარჩება, შესაძლოა, უარყოფითი ფასების თვითმხილველები გავხდეთ, რადგან მიწოდების კუთხით ვითარების გაუმჯობესების ნიშნები არ ჩანს", – აცხადებენ “Reuters”-ის მიერ გამოკითხული ტრეიდერები.
გაზის მიმწოდებლები მოპოვების შემცირებას არ აპირებენ და მისი განახლების ხარჯები შესაძლოა, მეტისმეტად მაღალი აღმოჩნდეს, - წერს The Bell. შედეგად, Refinitiv-ს ანალიტიკოსების პროგნოზის თანახმად, ხელმისაწვდომი საცავები შეიძლება, ივლისის ბოლომდე შეისოს.
რუსული "Газпром"-ი გაზს საექსპორტოდ ევროპულ სპოტურ ფასებზე მაღალ ღირებულებად ყიდის. 2019 წელს ეს პრემია ათას კუბურ მეტრში $35–47-ს შეადგენდა. ჯერ-ჯერობით კომპანია გათვლას ათას კუბურ მეტრში საშუალო წლიურ $133-ზე აკეთებს. მარტში რეალურმა საშუალო საექსპორტო ფასმა $125 შეადგინა. "Интерфакс"-ის გათვლით კი, ეროპაში გაზის რენტაბელური გაყიდვის დონე "Газпром"-ისთვის $100-ს შეადგენს.
ფასების ვარდნით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად "Газпром"-მა ევროპაში მიწოდების შემცირება დაიწყო. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში ის უკვე შემცირდა 21,4%-ით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით. მაგრამ თუ ამ ფონზე ყატარიდან თხევადი გაზის მიწოდება ზრდას განაგრძობს, შემცირება ფასების ვარდნას ვერ შეაჩერებს და შეიქმნება იმგვარი ვითარება, როგორიც ნავთობის ბაზარზე იყო აპრილში ОПЕК+-ის ახალი გარიგების გაფორმებამდე, - განუცხადა РБК-ს პარიზის ინსტიტუტ Sciences Po-ს პროფესორმა ტიერი ბრომ.
გაზის ფასები ევროპულ ბაზარზე მინუსებში უკვე გადასულა: 2006 წელს, მას შემდეგ, რაც მსოფლიო საცავების თითქმის სრული გადავსების ფონზე ნორვეგიიდან გაზსადენი “Langeled” ამოქმედდა, ისინი უარყოფითი გახდა ბრიტანეთში. ამჟამად უარყოფითი ფასების უდიდესი რისკი კვლავ ბრიტანეთშია, მათ შორის - 2017 წელს ერთადერთ გრძელვადიან საცავ Rough-ის დახურვის ფონზე.