
"ოცნება" - პარტნიორებს: "მოუწოდეთ ოპოზიციურ პარტიებს, ძირი არ გამოუთხარონ 8 მარტის შეთანხმებას"
25/05/2020 09:44:11 საგარეო პოლიტიკა
"ქართულმა ოცნებამ" ლობისტური ჯგუფის დახმარებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართა, თხოვნით, "მოუწოდონ ქართულ ოპოზიციურ პარტიებს, ძირი არ გამოუთხარონ 8 მარტის შეთანხმებას". შესაბამისი წერილი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა.
დოკუმენტში "ქართული ოცნება" წერს, რომ ქართული ოპოზიციური პარტიები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის "წინამძღოლობითა" და ევროპული საქართველოსა და სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით, "უარს ამბობენ თავიანთ დაპირებაზე, შეასრულონ 8 მარტის შეთანხმება, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების წინაშე დაიდო".
"ეს უკიდურესი უპასუხისმგებლობაა. 8 მარტის შეთანხმება საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისა და ევროკავშირისა და NATO-სკენ მიმავალი გზის დაჩქარების ფუნდამენტური საყრდენია", - წერს მმართველი გუნდი წერილში.
ქართული ოცნება ამბობს, რომ ისინი საარჩევნო სისტემის რეფორმის დაპირებაზე მყარად დგანან, ხოლო მათივე განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა უკან დაიხიეს:
"უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს პარტიები უარს ამბობენ თავიანთ პასუხისმგებლობაზე ქართველი ხალხის წინაშე, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დემოკრატია და ავაშენოთ უფრო ინკლუზიური საზოგადოება. ენმ, ევროპული საქართველო და სხვა ოპოზიციური პარტიები ძირს უთხრიან 8 მარტის შეთანხმების ლეგიტიმურობას იმით, რომ აკეთებენ ყალბ ბრალდებებს, რომლებიც დაკავშირებულია კონკრეტულ კრიმინალურ საქმეებთან. ამას საერთო არაფერი აქვს ახალი საარჩევნო სისტემის მიღებასთან".
როგორც პარტია აცხადებს, "მიუხედავად ზეოთხსენებულისა, 15 მაისს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კონტროვერსიული ნაბიჯი გადადგა და ორი მსჯავრდებული დამნაშავე შეიწყალა".
პარტია წერს, რომ "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" და ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, სხვა პარტიებთან ერთად უნდა დაასრულონ მუქარები, ბოიკოტები და პოლიტიკური თამაშები".
შეგახსენებთ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ოპოზიციური პარტიების ლიდერები გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი შეიწყალა. თუმცა, მას არ შეუწყალებია გიორგი რურუა - „მთავარი არხის“ მეწილე. ოპოზიცია აცხადებს, რომ გიორგი რურუა ასევე პოლიტპატიმარია და ის აუცილებლად უნდა იქნას შეწყალებული, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემის ცვლილების კანონპროექტს. "ქართული ოცნება“ არ აღიარებს ქვეყანაში პოლიტპატიმრები არიან და ზოგადად, 8 მარტის შეთანხმებაში მსგავსი პუნქტი იქნა გაწერილი. რიგი დასავლელი პარტნიორები მმართველ გუნდს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ რურუას გათავისუფლებასაც ელიან.