„ქვეყნის გასაძლიერებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს მხარდაჭერას და თანადგომას“

26-05-2020 11:51:36 პოლიტიკა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ქვეყნის გაძლიერებაში აშშ-ის, ევროკავშირის, ნატო-ს მხარდაჭერისა და თანადგომის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

მისი თქმით, საქართველო აგრძელებს წინსვლას ევროატლანტიკურ ოჯახში, საქართველოს სრულფასოვანი ინტეგრაციის მიმართულებით.

„ჩვენი საამაყო ჯარისკაცები რომლებიც დღეს იბრძვიან სხვადასხვა მისიაში არიან ამ ბრძოლის წინა ხაზზე და მათი საამაყო, სამაგალითო პროფესიონალიზმი და თავდადება ჩვენს ქვეყანას საუკეთესოდ წარმოაჩენს მთელ მსოფლიოში. მინდა, მათ განსაკუთრებულად მივულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მინდა ასევე აღვნიშნო ყველა იმ ადამიანის თავდაუზოგავი შრომა, რომელიც ჩვენთან ერთად ახალი პოლიტიკის ფარგლებში ქმნის მყარ საფუძველს ჯარის მაღალი საბრძოლო მზადების უზრუნველსაყოფად, ჯარისკაცებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და დასაფასებლად, თანამედროვე ინფრასტრუქტურის მოსაწყობად და განსავითარებლად. ჯამში, თქვენ ყველას უდიდესი წვლილი შეგაქვთ ჩვენი სახელმწიფოს წარმატებულ მშენებლობაში,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა სახელმწიფოებრიობის წარმატება ყოველთვის დაკავშირებული იყო ერთიანობასა და სიმტკიცესთან:

„კორონავირუსის პანდემიის ფონზე, რომელიც თანამედროვე მსოფლიოს უმთავრესი გამოწვევაა, საქართველოს პასუხი ერთ-ერთი ღირსეული და სანიმუშოა. ჩვენი პროფესიონალი ექიმების, პოლიციელების, სამხედროების თავდადებით, ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნებით და ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ეფექტური პოლიტიკით ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ უხილავ მტერს და კიდევ უფრო გაძლიერებული გამოვალთ ამ კრიზისიდან. მინდა კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ჩვენს საამაყო ჯარისკაცებს, თითოეულ სამხედრო ექიმს, საინჟინრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებს, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში თავდაუზოგავად ასრულებდით პროფესიულ სამსახურს და იდექით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს სჭირდებოდა“.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები