რუსეთი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფრენის უფლებას ითხოვს

26-05-2020 21:03:28 პოლიტიკა

რუსეთი მზადაა, „ღია ცის“ შესახებ შეთანხმებასთან დაკავშირებული სადამკვირვებლო მისია დაუშვას კავკასიის საზღვრის გასწვრივ 10 კილომეტრიან ზონებში, თუკი საქართველო რუსეთს ნებას მისცემს, იფრინოს მის ტერიტორიაზე,– ამის შესახებ "რია–ნოვისტის" ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადების თანახმად, საქართველოს მთელი ტერიტორია ხელმიუწვდომელია „ღია ცის“ რუსეთის მისიისთვის ისევე, როგორც მრავალეროვნული მისიებისთვის რუსეთის მონაწილეობით.

„ამით საქართველო არღვევს „ღია ცის შეთანხმების“ ძირითად დებულებებს იმის შესახებ, რომ შეთანხმება განკუთვნილია სადამკვირვებლო ფრენების განსახორციელებლად წევრი სახელმწიფოების ფრენებისთვის სხვა მონაწილე სახელმწიფოების ტერიტორიებზე და რომ თითოეული წევრი სახელმწიფო ვალდებულია სადამკვირვებლო ფრენები მიიღოს თავის ტერიტორიაზე“ , - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

განცხადების თანახმად, შეთანხმების შენარჩუნების მიზნით და 2018 წელს ვითარების ჩიხიდან გამოსაყვანად. რუსეთმა გააუქმა შეზღუდვები 10 კილომეტრიან ზონებში ფრენაზე რუსეთის საზღვრის გასწვრივ კავკასიაში, ამავდროულად დაიტოვა უფლება საკითხს სამომავლოდ დაბრუნებოდა.

„სამწუხაროდ, ამ დრომდე თბილისის დესტრუქციული პოზიცია არ შეცვლილა. შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა უარი ეთქვა სადამკვირვებლო ფრენებზე 10 კილომეტრიან ზონებში ჩვენ ტერიტორიებზე შვედეთის, გერმანიის, აშშ-ს ერთობლივი მისიისთვის 2019 წლის აპრილში. რუსეთი მზად არის მითითებულ ზონებში დაუშვას სადამკვირვებლო მისიები იმ პირობით, თუკი საქართველოც მზად იქნება უარი თქვას ღია ცის შეთანხმების დებულებებთან შეუსაბამო პოზიციებზე და უზრუნველყოს რუსეთის ფრენების მიღება თავის ტერიტორიაზე“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის: აშშ „ღია ცის” შესახებ შეთანხმებას ტოვებს.

იხილეთ ასევე: აშშ-მა “ღია ცის” შესახებ შეთანხმების დატოვების მიზეზებს შორის სოხუმისა და ცხინვალისკენ ფრენების ბლოკირებაც დაასახელა

ზალკალიანი: „რუსეთმა „ღია ცის შეთანხმების“ განსხვავებული ინტერპრეტაცია დაიწყო“

ახალი ამბები

სხვა სიახლეები