გამყრელიძე ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში ეპატიჟება: „ჩამოვიდეს, ყველაფერს ვაჩვენებ“

27-05-2020 11:30:13 პოლიტიკა

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე რუსეთის საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს–სპიკერ მარია ზახაროვას ლუგარის ლაბორატორიაში იწვევს. ასე პასუხობს გამყრელიძე ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყების მორიგ განცხადებას.

როგორც გამყრელიძე აღნიშნავს, პირადად არაერთი რუსი მაღალჩინოსანი მოუწვევია საქართველოში, მათ შორის ქვეყნის ჯანდაცვის უწყებიდან, ლაბორატორიაში ნამყოფია რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიოლოგიური სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორიც.

„ყველაფერი საფუძვლიანადაა შესწავლილი – ეს გამჭირვალეა: რაპორტი დევს ჟენევის ბიოლოგიური უსაფრთხოების სამდივნოს ვებ–გვერდზე, ჩვენს საიტზე – ყველა ენაზე. გარდა ამისა, შარშან საქართველოს ე.წ. მზადყოფნის შეფასება გაკეთდა. ერთი ევროპის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გააკეთა და მეორე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, სადაც ლუგარის გარდა ქვეყნის მთელი ლაბორატორიული სისტემები შეისწავლეს. შესწავლილი იყო ჩვენი რეაგირების მექანიზმები, თუ რამდენად მზად ვართ. რუსებს არ სჯერათ და ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, რუსეთის აღშფოთებას ის ფაქტი იწვევს, რომ სინჯების გადასამოწმებლად ანალიზები ჩრდილოელი მეზობლის ლაბორატორიებში არ იგზავნება:

„რატომ არ ვაგზავნით სინჯებს გამოსაკვლევად სანკ-პეტერბურგში, მოსკოვში, რატომ არ ვაგზავნით სხვაგან? რადგან ეს ყველაფერი კეთდება ლუგარში და არ გვჭირდება დასადასტურებლად იქ გაგზავნა. ზუსტად ამაზე ნერვიულობენ, ამ საკითს განიცდიან და შემდეგ პოლიტიკურ კონტექსტში გადაჰყავთ. აღარ ღირს ამაზე კომენტარის გაკეთება, მეცინება კიდეც. ზახაროვა ჩამოვიდეს და ყველაფერს ვაჩვენებ. ქალბატონი ზახაროვა ერთხელ პირდაპირი ეთერით მოვიწვიე. რას ელოდებიან? რამდენჯერმე წერილობით არიან მოწვეულები. პირადადაც შეხვედრილი ვარ საერთაშორისო თავყრილობებზე, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ანსამბლეაზე. წინა მინისტრს ძალიან კარგად ვიცნობდი და ნათქვამი მაქვს მისთვის, მისი მოადგილისთვის, საგარეო განყოფილების დეპარტამენტის უფროსისთვის. პირდაპირი ეთერით მოწვეული მყავს ბატონი ონიშენკოც, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობ. ის იყო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი. ახლა დუმის წევრია და იქიდან გვმოძღვრავს. პირადად მითქვამს მისთვის, „ჩამოდი და გაჩვენებ ყველაფერს“, თუმცა ავალებენ რა უნდა თქვას“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

იხილეთ ასევე: მოსკოვი თბილისისგან ლუგარის ლაბორატორიის ყველა კორპუსში დაშვებას ითხოვს

ახალი ამბები

სხვა სიახლეები