„შეიძლება, სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს 10 000 ლარი მივცე, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება“
27/05/2020 09:49:36 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გაწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ამის შესახებ მან პანდემიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის დაანონსებულ დახმარებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც გახარიამ აღნიშნა, ეს მოქალაქეების სოციალური დახმარებაა და არა ანტიკრიზისული გეგმა.
„ეს არ იყო უპასუხსიმგებლო გადაწყვეტილება, რომ ამდენს მოგცემთ, 1 000 ლარი ოჯახს, 5 000 პეტრეს და პავლეს რაღაცეები... მოქალაქეებს მინდა, ვუთხრა, საქართველო ვერც ერთ დამატებით ხარჯს, დამატებით დახმარებას ვერ გაწევს, თუ ეკონომიკა არ იქნა დაბალანსებული და ეს დაბალანსებული ბიუჯეტი საერთაშორისო პარტნიორებთან, დონორ ორგანიზაციებთან და სავალუტო ფონდთან არ იქნა შეთანხმებული. ასე მეც შემიძლია, გამოვიდე და სურვილი მქონდეს, რომ თითოეულ ოჯახს მივცე 10 000 ლარი. მესმის, რომ ეს ყველას სჭირდება, მაგრამ ამას აქვს თავისი დასაბუთება, თავისი ეკონომიკური დასაბუთება. შესაბამისად, ჩვენ კონკრეტული გრძელვადიანი ღონისძიებები მას შემდეგ დავაანონსეთ, რაც ეს ყველაფერი გვქონდა დათვლილი, გააზრებული და შეთახმებული დონორ ორგანიზაციებთან“,– განაცხადა გახარიამ და დასძინა, „მესმის, ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ეს მინიმუმია, რომ ელემენტარული მდგრადობა იყოს მათ ყოველდღიურ გასავლებში“.
ცნობისთვის: მოქალაქეები რომელთაც სამსახური დაკარგეს, 6 თვის განმავლობაში თვეში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო თვითდასაქმებულები ერთჯერადად 300 ლარს.


