Accentnews.ge
"ვფიქრობ, მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინაში ელჩის დაბრუნების თაობაზე"

"ვფიქრობ, მივიღებთ გადაწყვეტილებას უკრაინაში ელჩის დაბრუნების თაობაზე"

27/05/2020 13:10:03 საგარეო პოლიტიკა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, ელჩ თეიმურაზ შარაშენიძეს უკრაინაში სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში დააბრუნებენ.

"უკრაინასთან სტრატეგიული პარტნიორობა არ გადაიხედება. ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მსგავსი გამოწვევა, როგორიც არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, როგორიც არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საერთო პოზიციების სუამ-ის ფარგლებში, ეს არ გადაიხედება. რაც შეეხება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღს, ვფიქრობ, პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება", – განაცხადა ზალკალიანმა.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კიევიდან არამეგობრული განცხადებები გაკეთდა.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან, მე ვიტყოდი, არამეგობრული განცხადებები უკრაინის ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლების მხრიდან, მათ შორის პარლამენტიდან, როდესაც მათ განაცხადეს, რომ საქართველო მათთვის არაფერია, რომ საქართველო გადახარშავს ამას [საქართველოს ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დანიშნვის ფაქტს]. ვფიქრობ, ის განცხადებები, რომლებიც გაკეთდა ჩვენი გადაწყვეტილების შესაბამისად, არ იყო მეგობრული საქართველოსთან მიმართებაში. როდესაც სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმანეთს უნდა გაუგონ პირველ რიგში, ყველა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. მე გუშინ მქონდა კარგი კომუნიკაცია ჩემს უკრაინელ კოლეგასთან, მომილოცა დამოუკიდებლობის დღე, ასევე უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც დღეს გახლავთ ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებში. ვფიქრობ, ეს ურთიერთობები გაგრძელდება. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან სხვა სტრატეგიული პარტნიორის სუვერენული უფლებების პატივისცემაზე, მართლმსაჯულება და სასამართლო სისტემაც ჩვენი სუვერენიტეტის ნაწილია, ამიტომ როდესაც სუვერენიტეტის უპატივცემულობაზეა საუბარი, ამას ვგულისხმობთ, რომ მართლმსაჯულების ნაწილი არის უგულებელყოფილი. ახლა ის [მიხეილ სააკაშვილი] არის ოფიციალური პირი უკრაინის. დავაკვირდებით როგორი იქნება მისი განცხადებები საქართველოსთან მიმართებაში და ბუნებრივია, ყველაფერი ეს იქნება ჩვენს ურთიერთობებში უაღრესად მნიშვნელოვანი“,- აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისთვის: 7 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშნა. აღნიშნულის გამო 8 მაისს საქართველომ უკრაინიდან ელჩი თეიმურაზ შარაშენიძე თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიწვია. გუშინ ელჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა შემდეგი განაცხადა:

"ჩვენ დავაკვირდებით უკრაინაში პროცესების განვითარებას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს უკრაინის ხელისუფლება საქართველოსთან მიმართებაში ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით და სწორედ ამის მიხედვით იქნება მიღებული გადაწყვეტილება ელჩის უკრაინაში დაბრუნების თარიღთან დაკავშირებით".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S