გახარია – ბესელიას: “ეს თემა არ ვიცი“
27/05/2020 15:00:18 პოლიტიკა
არ ვიცი. არ ვიცი ეს თემა, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას შეკითხვას, დაუჭერდა თუ არა მხარს პენსიონერების სასამართლო ბაჟისგან გათავისუფლებას.
„გულწრფელად გეუბნებით, რომ ეს თემა არ ვიცი. რა რისკები შეიძლება იყოს ამის უკან. არ ვიცი. გავერკვევი და ერთი დღე, ორი დღე მომეცით და გიპასუხებთ“, - უთხრა გიორგი გახარიამ დეპუტატ ეკა ბესელიას.
დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტში ორი დღის წინ წარადგინა ახალი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც სასამართლოში სარჩელის შეტანის დროს პენსიონერების ბაჟისგან გათავისუფლებას გულისხმობს. დეპუტატის განმარტებით, ქვეყანაში მაღალია სიღარიბის დონე, პანდემია მდგომარეობას ართულებს და ახალმა გამოწვევამ შესაძლოა პენსიონერებს დამატებითი პრობლემები შეუქმნას.
ეკა ბესელია მოითხოვს, შესაბამის კანონში იმ კატეგორიების სიას, რომლებიც ბაჟისგან თავისუფლდებიან, პენსიონერებიც დაემატონ.


