საკონსტიტუციოს მოსამართლედ ვასილ როინიშვილი დაინიშნა
29/05/2020 09:10:55 პოლიტიკა
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად უზენაესი სასამართლოს პლენუმმა ვასილ როინიშვილი დანიშნა. მას მხარი პლენუმის 18-მა წევრმა დაუჭირა, 2 კი წინააღმდეგი იყო.
მანამდე არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაეს სასამართლოს პროცესის გაუმჭვირვალობის გამო აკრიტიკებდნენ და კენჭისყრის გადადებას ითხოვდნენ. სასამართლოსთან პოლიტიკური მოძრაობა "ლელოც" იმყოფება. "ლელოში" ამბობენ, რომ ამგვარი ქმედებები არამხოლოდ სასამართლოს იმიჯზე, არამედ ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად ისახება.
"სწორედ "ქართული ოცნების" მიერ გატარებული ე.წ. რეფორმის შედეგია ის, რომ კონსტიტუციის დარღვევით უზენაესი სასამართლო დღეს დანიშნავს ადამიანს, რომელიც მომდევნო 10 წლის განმავლობაში კონსტიტუციის მთავარი დამცველი უნდა ყოფილიყო. ძალიან კარგად იცის კლანმა და "ქართულმა ოცნებამაც" რომ სასამართლოში ამგვარი პოლიტიკის გატარება არის არამხოლოდ ხელისუფლების მიტაცება, არამედ ეკონომიკაზეც ისახება ეს ნეგატიურად. ვხედავთ სასამართლოს შებოჭვას და ჯიბეში ჩადებას. ერთადერთი გამოსავალია სასამართლო სისტემის სრული განახლება", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება ცხრა მოსამართლისაგან – საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისაგან, რომელთაგან აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის ორი მოადგილე და საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი. საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს საქართველოს სამი უმაღლესი სახელმწიფო ორგანო - საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედის უმრავლესობით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადა 10 წელია. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელსაც ადრე ეკავა ეს თანამდებობა.


