გალკინმა პუტინსა და სობიანინს კვლავ გასცინა

29-05-2020 16:53:55 პოლიტიკა

კომიკოსმა მაქსიმ გალკინმა “ინსტაგრამში” პრეზიდენტ პუტინისა და მოსკოვის მერ სობიანინის დიალოგის პაროდია გამოაქვეყნა, რომელიც კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე დედაქალაქში შეზღუდვების შერბილებას შეეხება.

პაროდიაში სობიანინის პერსონაჟი, რომელსაც გალკინი განასახიერებს, პუტინისას მოსკოველების სეირნობის საკითხზე საკუთარ ინიციატივებს აცნობს, რომლებიც 1 ივნისიდან უნდა ამოქმედდეს:

“[...] ამ სქემაზე სამი წლის განმავლობაში - 2013-დან ვმუშაობდით და სწორედ ახლა - 2020-ის თებერვალში დავასრულეთ. ჩვენი სქემა ძალიან მარტივია: თავიდან ისეირნებენ ის სახლები, რომელთა ფანჯრებიც ერთდროულად ჩრდილო-აღმოსავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით გადის, მერე - ეკვატორის პარალელურად მდგომი სახლები და ბოლოს - რენოვაციას დაქვემდებარებულები რუსეთის ფედერაციის ფარგლებს გარეთ. ამ სახლების მაცხოვრებლები სადარბაზოდან გასვლის შემდეგ მკაცრად ჩრდილოეთ პოლუსის მიმართულებით უნდა გაემართონ და შეუძლიათ, გაიარონ მაქსიმუმ, 50 მეტრი საპარკო ზონის ძიებაში, ხოლო თუ ასეთს ვერ აღმოაჩენენ, ნებადართულია, გაიარონ კიდევ 30 მეტრი, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით. საპარკო ზონამდე მიღწევის შემდეგ მოქალაქეებისთვის ნებადართულია ნარგავების თვალიერება, ასევე წრიული მოძრაობა ერთმანეთის კვალდაკვალ, 1,5-მეტრიანი დისტანციით და ქვაფენილის ორნამენტის მკაცრად დამცველი ტრაექტორიით. ამასობაში თუ რომელიმე მოსეირნე სხვა მოსეირნეს ხეზე ჩამომხრჩვალს დაინახავს, ეკრძალება, მიუახლოვდეს და ჩამოხსნას, უბრალოდ სხვა ხე უნდა იპოვოს”.

  • სობიანინმა პუტინთან შეზღუდვების შერბილების საკითხი ამ დღეებშიც მართლაც განიხილა და ამ კონტექსტში ახსენა "ექსპერტიმენტი" – მოსკოველების “გრაფიკით სეირნობა”. გუშინ კი მოსკოვში მდებარე ყოველი სახლისთვის “სეირნობის განრიგი” გამოქვეყნდა. სახლები ამ მიზნით 6 კატეგორიად დაყვეს.
  • 2-თვიანი თვითიზოლაციის პერიოდში დედაქალაქის მკვიდრებს სეირნობა საერთოდ ეკრძალებოდათ და სახლებიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში შეეძლოთ.

  • ეს გალკინის მხრიდან პოლიტიკური სატირის წარმოდგენის პირველი შემთხვევა არ არის. ბოლო პერიოდში თავის კონცერტებზე იგი აქტიურად აკრიტიკებდა ცენზურას რუსეთის ტელევიზიებში, ამბობდა ასევე, რომ ხალხი არჩევნებზე არაფერს წყვეტს და იქვე დასძენდა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის მსგავსად, პრეზიდენტად კენჭისყრას არ აპირებს, რადგან “ინაუგურაციამდევე მიახვრეტენ”.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები