"გოიმი" შეურაცხმყოფელი ტერმინი არ არის, ეს სიტყვა უპრინციპობას ნიშნავს"

29-05-2020 23:53:03 საშინაო პოლიტიკა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ სიტყვა "გოიმი", რომელიც მმართველი გუნდის წევრმა პოლიტიკური ოპონენტების მისამართით ბოლო პერიოდში არაერთხელ გამოიყენა, შეურაცხმყოფელი ტერმინი არ არის.

როგორც კობახიძემ "რუსთავი 2"–ის ეთერში განაცხადა, "გოიმი" უპრინციპობას ნიშნავს".

"გოიმი" ჩემთვის ნიშნავს უპრინციპობას. როდესაც კონკრეტულ პოლიტიკოსს ერთ დღეს სისტემის ჯალათს უწოდებ და მეორე დღეს მას საკუთარ ოფისში ხელს უწევ, როგორც გმირს, ეს "გოიმობისა" და უპრინციპობის უმაღლესი მწვერვალია. ეს არ არის შეურაცხმყოფელი ტერმინი, ეს არის ფაქტის კონსტანტაცია. შეურაცხმყოფელია ოპოზიციის მიერ ხშირად გამოყენებული ეპითეტი "კლოუნი", რომელიც არ არის შეფასება, ეს შეურაცხყოფაა. "გოიმობა" არის იმ სურათის ამსახველი ტერმინი, რომელიც ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე დღის წინ "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში. ეს გახლავთ პრინციპების სრული უგულვებელყოფა. როდესაც ერთ დღეს ამბობ, რომ გაჟრიალებს რუსეთზე და მეორე დღეს რუსეთში მოსიარულე პოლიტიკოსთან ერთად ზიხარ მაგიდასთან, სწორედ ეს გახლავთ "გოიმობა", ანუ უპრინციპობა. ისინი საზოგადოებას "ეგოიმება" და სწორედ ამიტომ დავიდა მათი რეიტინგი 3 და 12%-მდე. როდესაც, მაგალითად, გიგა ბოკერია იყენებს შეურაცხმყოფელ ტერმინს, ის ამ დროს თავის თავს აყენებს შეურაცხყოფას, მაგრამ როდესაც საუბარია ფაქტის კონსტანტაციაზე, მაშინ, ეს არ არის შეურაცხყოფა", – განმარტავს ირაკლი კობახიძე.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები